X-ზე ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ AI აგენტების გუნდებმა ორ დღეში ათასზე მეტი ამოუხსნელი მათემატიკური ამოცანა ამოხსნეს. ამ ციფრების უკან Left to Solve დგას, საიტი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საკუთარი AI აგენტი ათასობით ღია მათემატიკურ ამოცანაზე გაუშვას. გავარკვიეთ, რა ამოხსნეს სინამდვილეში და რამდენად შორს წავიდა ხელოვნური ინტელექტი მათემატიკაში.
საიტის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 29 ნოემბრის დილისთვის აგენტებმა 2190 ღია ამოცანა ამოხსნეს, ანუ ისეთი ამოცანა, რომლის დამტკიცებაც აქამდე არავის ჰქონდა. კიდევ 355-მა დამტკიცებამ ავტომატური შემოწმება უკვე გაიარა და ახლა განხილვას ელოდება. 29 ნოემბრის დილით საიტზე ერთდროულად 300-ზე მეტი აგენტი მუშაობდა.
სარჩევი
რა არის Left to Solve
Left to Solve 18 წლის ფრანგი სტუდენტის, გიიომ ბოს (Guillaume Baud) პროექტია. საიტი მან 26 ნოემბერს წარადგინა. მასზე 50 ათასზე მეტი ღია ამოცანაა თავმოყრილი: უნგრელი მათემატიკოსის, პაულ ერდოშის ამოცანები, მთელი რიცხვების მიმდევრობების ენციკლოპედიის, OEIS-ის ჰიპოთეზები, მათემატიკოსების კითხვა-პასუხის საიტზე, MathOverflow-ზე დასმული კითხვები და ათასწლეულის ამოცანებიც, რომელთაგან თითოეულის ამოხსნისთვის მილიონდოლარიანი პრიზია დაწესებული.
ამოცანებზე მომხმარებლების აგენტები მუშაობენ: Claude Code, Codex, Cursor ან ნებისმიერი სხვა აგენტი, რომელსაც კომპიუტერზე ბრძანებების გაშვება შეუძლია. მომხმარებელი საიტიდან ერთ სტრიქონს აკოპირებს და აგენტს აძლევს. აგენტი ამოცანას იღებს, მასზე მომხმარებლის კომპიუტერზე მუშაობს და მზა დამტკიცებას საიტზე აგზავნის.
ვინ ამოწმებს დამტკიცებებს
ჩაითვლება თუ არა ამოხსნა, ამას ადამიანი კი არა, Lean წყვეტს. ეს პროგრამა მათემატიკური დამტკიცების ყოველ ნაბიჯს ამოწმებს და შეცდომიან დამტკიცებას არ გაატარებს. ამოცანის ამომხსნელად აგენტის მფლობელი ითვლება: მისი GitHub-ის სახელი ამოცანის გვერდზე, ლიდერბორდსა და პროფილზე ჩნდება, გამოყენებული აგენტისა და მოდელის მითითებით.
ლიდერბორდის სათავეში Anthropic-ის Claude Code-ით მომუშავე აგენტები არიან, თუმცა საიტზე აქტიურად მუშაობენ OpenAI-ის Codex-იც და Google DeepMind-ის Gemini-ზე დაფუძნებული აგენტებიც. ზოგიერთ ამოცანას ფულადი პრიზიც აქვს: ათასწლეულის ამოცანებს თითო მილიონი დოლარი, ერდოშის 49 ამოცანას კი ჯამში 26 745 დოლარი. პრიზი ამოცანის დამსმელებისგან უნდა მიიღო, საიტი კი მისგან წილს არ იღებს.
ამ დღეებში საიტზე შეჯიბრიც მიმდინარეობს. 29 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00-მდე, ყველა აგენტი ერდოშის 142-ე ამოცანაზეა გადამისამართებული, რომელსაც ერდოშის 10 000 დოლარიანი პრიზი აქვს და რომელიც ჯერ არავის ამოუხსნია. მონაწილეები ერდოშის ხუთ ამოცანაზე შეტანილი წვლილის მიხედვით კიდევ 10 000 დოლარს გაინაწილებენ.
რა ამოხსნეს სინამდვილეში
ციფრები შთამბეჭდავია, მაგრამ ყველა ამოცანა ერთნაირი წონის არ არის. ამოხსნილ ამოცანებში დიდი ადგილი OEIS-ის ჰიპოთეზებს უჭირავს. ესაა ვარაუდები კონკრეტული მიმდევრობის შესახებ, მაგალითად, მისი შემოთავაზებული ფორმულა, რომელიც არავის დაუმტკიცებია. LLM.GE-ის დათვლით, ბოლო 50 ამოხსნილი ამოცანიდან 42 სწორედ OEIS-ის ჰიპოთეზა იყო, 6 MathOverflow-ის კითხვა, თითო კი ერდოშის ამოცანის კერძო შემთხვევა და arXiv-ის სტატიიდან აღებული ამოცანა.
ამას Left to Solve-იც არ მალავს. ამოხსნილი ამოცანების გვერდზე წერია, რომ ყველა დამტკიცებამ Lean-ის შემოწმება გაიარა, მაგრამ ყველა მათგანი ახალი თეორემა არ არის. უკვე ცნობილი შედეგის დამტკიცება მხოლოდ ფორმალიზაციაა, ანუ არსებული შედეგის Lean-ის ენაზე გადატანა, ერდოშის ამოცანის ვარიანტი კი კერძო შემთხვევაა და თავად ამოცანა შეიძლება ისევ ამოუხსნელი იყოს. საიტზე Lean-ის შემოწმება ჯამში 15 ათასზე მეტმა დამტკიცებამ გაიარა, თუმცა მათი უმეტესობა უკვე ცნობილ შედეგებს ეხება. ათასწლეულის ამოცანებიდან აგენტებს ჯერ არცერთი არ ამოუხსნიათ.
კიდევ ერთი სირთულე თავად ამოცანების ჩაწერაა. Lean ამოწმებს, დამტკიცება სწორია თუ არა, მაგრამ ვერ ამოწმებს, რამდენად ზუსტადაა ამოცანა Lean-ის ენაზე გადატანილი და ახალია თუ არა შედეგი. ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ჯულიან იბარზმა X-ზე დაწერა, რომ მისმა აგენტების გუნდმა პირველ ორ საათში ორი დამტკიცება იპოვა, ერთი ჰიპოთეზა უარყო, ორ ამოცანაში კი შეცდომით ჩაწერილი პირობა აღმოაჩინა. GitHub-ზე მომხმარებლებმა ხუთი ისეთი OEIS-ის ჰიპოთეზაც აღმოაჩინეს, რომელიც საიტზე ღია ამოცანად ეწერა, თავად OEIS-ში კი უკვე დამტკიცებულად იყო აღნიშნული.
რას ცვლის ხელოვნური ინტელექტი მათემატიკაში
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, თუ AI თუნდაც ერთ ღია ამოცანას ამოხსნიდა, ეს დიდ ამბად ითვლებოდა. მაისში Google DeepMind-ის AlphaProof Nexus-მა ერდოშის რამდენიმე ამოცანა ამოხსნა, სექტემბერში OpenAI-მ ნავიე-სტოქსის ამოცანის ამოხსნა წარადგინა, ნოემბერში კი Lean-ის საზოგადოებამ რიმანის ჰიპოთეზის დამტკიცება დაადასტურა, რომელიც Claude-ის დახმარებით იპოვეს.
ამ შედეგებს დიდი ლაბორატორიები საკუთარი აგენტებით აღწევდნენ. Left to Solve კი იგივე შესაძლებლობას ნებისმიერ მსურველს აძლევს: საკმარისია, საკუთარი აგენტი ამოცანაზე გაუშვა, შედეგს კი პროგრამა ამოწმებს. ასე მათემატიკური კვლევა სულ უფრო ჰგავს ღია პროექტს, რომელშიც ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება.
თუმცა ამოხსნების ასეთი ნაკადი მათემატიკოსებს ახალ საზრუნავსაც უჩენს: ათასობით დამტკიცებიდან უნდა გაარჩიონ, რომელია ნამდვილად ახალი და მნიშვნელოვანი. სწორედ ამაზე წერდა რამდენიმე დღის წინ Anthropic-ის თანადამფუძნებელი ჯეკ კლარკი: მისი თქმით, AI-ის აღმოჩენების გაგება და შემოწმება ადამიანებს სულ უფრო მეტ დროს წაართმევს.
სხვა თემები
ჯეკ კლარკი: სინგულარობა უკვე დაწყებულია
Microsoft-მა „Code Red“ გამოაცხადა: Outlook-ის 24-საათიანმა გათიშვამ კომპანიის სისუსტეები გამოაჩინა
Anthropic-მა Claude Ship გამოუშვა: Claude კოდს თავად შეამოწმებს, გაასწორებს და დაამტკიცებს
