Microsoft-მა შიდა „Code Red“ გამოაცხადა. კომპანიაში ასე უწოდებენ უმაღლესი პრიორიტეტის მობილიზაციას, რომელსაც მხოლოდ კრიტიკული კრიზისის დროს მიმართავენ. მიზეზი 12-13 ნოემბრის თითქმის 24-საათიანი გათიშვაა, როცა მსოფლიოს მასშტაბით Outlook-ის ელფოსტა და Microsoft 365-ის სხვა სერვისები მწყობრიდან გამოვიდა.
ამის შესახებ Reuters-მა კომპანიის შიდა წერილებზე დაყრდნობით დაწერა. წერილების მიხედვით, ავარიამ Microsoft-ის საინჟინრო სისტემებისა და კრიზისზე რეაგირების ხარვეზები გამოააშკარავა. კომპანიის წარმომადგენელმა წერილებთან დაკავშირებულ კითხვას ასე უპასუხა: „ჩვენი სამუშაო სერვისის აღდგენით არ მთავრდება. გუნდები დღე და ღამე მუშაობენ, რომ მიღებული გაკვეთილები სწრაფად დანერგონ, ხელმძღვანელობა კი ზრუნავს, რომ ეს მთავარ პრიორიტეტად დარჩეს“.
სარჩევი
რატომ გამოაცხადა Microsoft-მა Code Red
Microsoft 365-ის ძირითადი სერვისების (M365 Core) პრეზიდენტმა ჯეისონ ჰენდერსონმა თანამშრომლებს 20 ნოემბერს მისწერა, რომ ეს Exchange Online-ის ისტორიაში მომხმარებლებზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე ინციდენტი იყო. Exchange Online ორგანიზაციების ღრუბლოვანი ელფოსტის სერვისია, რომელსაც სამსახურში გამოყენებული Outlook უკავშირდება. ჰენდერსონის თქმით, აქამდე არასდროს დარჩენილა ამდენი მომხმარებელი ამხელა ხნით ელფოსტის გარეშე.
„Code Red ნიშნავს, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის უმაღლესი პრიორიტეტის სამუშაოა“, წერს ჰენდერსონი. მისივე სიტყვებით, „სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გაწეული მთელი შრომა ხუთშაბათს ჩვენს დასაცავად საკმარისი არ აღმოჩნდა“.
ჰენდერსონის თქმით, მან ავარიის ორგანიზაციული და სტრუქტურული მიზეზები დეტალურად შეისწავლა. ავარიიდან გამომდინარე ნაბიჯებს თვალის სადევნებლად ის ყოველდღიურ შეხვედრებს გამართავს Substrate-ის ხელმძღვანელ გუნდთან, რომელიც Microsoft 365-ის საბაზისო სერვისების საინჟინრო ჯგუფს კურირებს. გარდა ამისა, შედეგებს ყოველკვირეულად განიხილავენ.
ამავე თვეში დაწერილ სხვა წერილში ჰენდერსონი აღნიშნავდა, რომ Microsoft 365-ის ძირითად სერვისებზე სასწრაფო ჩასწორებები მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ნელა ვრცელდება. ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინციდენტში სასწრაფო გასწორების ყველა სერვერზე დაყენებას ხუთ-ექვსი დღე დასჭირდა. ჰენდერსონმა ახალი ორიენტირი დაადგინა: უსაფრთხოების ყველაზე სასწრაფო პრობლემა აღმოჩენიდან მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოდ გასწორებამდე ერთ საათში უნდა მოგვარდეს. მისივე აღიარებით, კომპანია ამ სტანდარტს ჯერ ვერ აკმაყოფილებს.
რა მოხდა 12 ნოემბერს
გათიშვა 12 ნოემბერს, საქართველოს დროით 20:20-ზე დაიწყო და თითქმის ერთი დღე გაგრძელდა. Microsoft-ის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, მომხმარებლების უმეტესობა Outlook-ით ან ელფოსტის სხვა პროგრამით საფოსტო ყუთს ვერ უკავშირდებოდა, წერილები კი დიდი დაგვიანებით მიდიოდა. პრობლემები შეექმნა Copilot-ს, SharePoint-ს, OneDrive-სა და Defender-საც.
Downdetector-ის მონაცემებით, დაახლოებით ერთ საათში პრობლემების შესახებ შეტყობინებები 74 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან მოვიდა. ავარია ავსტრალიიდან და იაპონიიდან აშშ-მდე სახელმწიფო უწყებებს შეეხო, სავაჭრო კომპანიების საქმიანობა შეაფერხა და ავიაკომპანიების კომუნიკაცია მოშალა.
Microsoft-ის თქმით, ავარია კიბერშეტევას ან AI აგენტებს არ გამოუწვევია. Copilot-ის, აგენტებისა და პლატფორმის მიმართულების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჩარლზ ლამანამ X-ზე განმარტა, რომ ერთდროულად სამი ფაქტორი დაემთხვა:
- ფარული შეცდომა. ივლისში Microsoft 365-ის ქსელური შლუზის (gateway) სერვერებისთვის მომზადებულმა განახლებამ Windows-ის ერთ-ერთ შიდა პროცესში შეცდომა შეიტანა. გარკვეული დატვირთვისას სერვერის პროცესორი და მეხსიერება იწურებოდა და სერვერი პასუხს წყვეტდა. Microsoft-ის თქმით, ეს შეცდომა მხოლოდ ამ სერვერებს ეხება და ჩვეულებრივ Windows-ზე გავლენას არ ახდენს;
- დამატებითი დატვირთვა. ავარიამდე დაახლოებით 15 საათით ადრე Teams ავტომატურად გადაერთო მთავარ შლუზზე, რომელსაც Exchange Online-იც იყენებს;
- შემცირებული სიმძლავრე. წინა დღეს სხვა პრობლემის გამო შლუზის სიმძლავრის თითქმის 14% უკვე გამორთული იყო.
სერვერები ერთმანეთის მიყოლებით ჩერდებოდა. სისტემა მომხმარებლებს მომუშავე სერვერებზე გადაამისამართებდა, ამან კი დარჩენილ სერვერებზე დატვირთვა გაზარდა და ისინიც მწყობრიდან გამოიყვანა. ორ საათზე ნაკლებ დროში შლუზის სერვერების 80%-ზე მეტმა პასუხი შეწყვიტა. რეგიონებს შორის დამცავმა ბარიერებმა ავარია ვერ შეაჩერა და ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
აღდგენა იმიტომ გაჭიანურდა, რომ თვეების წინ შეტანილი ცვლილების ჩვეულებრივი გაუქმება შეუძლებელი იყო და ინჟინრებს სპეციალური განახლების მომზადება მოუწიათ. ამასთან, ხელახლა ჩართული სერვერები მაშინვე რიგში დაგროვილი მოთხოვნების ქვეშ ექცეოდა და ისევ ჩერდებოდა. სერვისი ჯერ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აღდგა, შემდეგ ევროპაში.
შეცდომა ტესტირებისას ვერ აღმოაჩინეს, რადგან ლაბორატორიაში ნაკლებბირთვიან, უფრო სუსტ სერვერებს იყენებდნენ, პრობლემა კი ახალ, მრავალბირთვიან აპარატურაზე მწვავდებოდა. ლამანამ მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა და აღიარა, რომ ავარიამ მათ ჩვეულ საქმიანობაზე იმოქმედა.
„ომის ნისლი“: 11 ათასი შეტყობინება 11 ჩატში
23 ნოემბერს ცალკე წერილი გაავრცელა კორპორაციულმა ვიცე-პრეზიდენტმა ამანდა სილვერმა, რომელიც M365 Core-სა და Work IQ-ს ხელმძღვანელობს. Work IQ Microsoft-ის სამუშაო ინტელექტის პლატფორმაა AI აგენტებისთვის.
სილვერის თქმით, ავარიის დროს ინჟინრები „ომის ნისლში“ მუშაობდნენ. საქმეში კომპანიის საუკეთესო სპეციალისტები ჩაერთნენ, მაგრამ მათ 11 სხვადასხვა Teams-ის ჩატში 11 ათასზე მეტი შეტყობინება გაცვალეს. დიაგნოსტიკური მონაცემები სხვადასხვა შიდა სისტემაში იყო მიმოფანტული, ამიტომ ჰიპოთეზებისა და მიღებული გადაწყვეტილებების ერთიანი სურათის შენარჩუნება უჭირდათ.
საინტერესოა, რომ ინჟინრები კოორდინაციისთვის სწორედ Teams-ს იყენებდნენ. Microsoft-ის ანგარიშის მიხედვით, Teams-ის ჩატები და შეხვედრები ავარიის უმეტეს ნაწილში მუშაობდა, რადგან Teams-მა დაზიანებული შლუზიდან გადართვა შეძლო. Exchange Online-ს ეს შესაძლებლობა არ ჰქონდა: Microsoft-ის განმარტებით, მასშტაბის გამო ის ამ შლუზის გვერდის ავლით ვერ იმუშავებს.
ახალი მიზანი: გლობალური ავარია ერთ საათში
Code Red-ის ფარგლებში სილვერმა სამუშაოს ხუთი მიმართულება განსაზღვრა. მათ შორისაა დატვირთვის კონტროლირებადი შემცირება (load shedding), როცა სისტემა სტაბილურობის შესანარჩუნებლად მოთხოვნების ნაწილს დროებით ზღუდავს, ტრაფიკის გეოგრაფიული დაყოფა და აღდგენის უფრო სწრაფი მექანიზმები.
კომპანიამ მიზნად დაისახა, რომ მომავალში გლობალური ინციდენტი მსოფლიოს მასშტაბით ერთ საათში მოგვარდეს. ამაში ხელოვნური ინტელექტიც უნდა დაეხმაროს: Microsoft AI აგენტების დანერგვას გეგმავს, რომლებიც ინჟინრებს სისტემების მდგომარეობის მონაცემების უფრო სწრაფად გაანალიზებაში დაეხმარებიან.
სხვა თემები
AI აგენტებმა კონფერენციები გამართეს და კვანტური ალგორითმები გააიაფეს
RTX Spark დესკტოპები უკვე იყიდება: NVIDIA-ს კომპაქტური კომპიუტერები ლოკალური AI-სთვის
MAI-ის შვიდი ახალი მოდელი: Microsoft Ignite 2026
