Anthropic-მა Claude Ship გამოუშვა. ახალი ხელსაწყოს დახმარებით Claude პროგრამისტების დაწერილ კოდს ამოწმებს, აღმოჩენილ შეცდომებს ასწორებს, ხოლო თუ გუნდის წესები ამას უშვებს, ცვლილებას თავადაც ამტკიცებს.
Claude Ship ჯერ ბეტა-ვერსიაშია. სად იმუშაოს მან და რომელ ცვლილებას დასჭირდეს ადამიანის თანხმობა, ამას გუნდი თავად წყვეტს – მიზანი ის არის, რომ კოდის გამოშვება ისეთივე სწრაფი გახდეს, როგორც მისი დაწერა.
სარჩევი
რა პრობლემას აგვარებს Claude Ship
როცა პროგრამისტი პროექტის კოდს ცვლის, ცვლილებას პირდაპირ არ ამატებს: ჯერ გუნდს უგზავნის შესამოწმებლად. ასეთ მოთხოვნას პროგრამისტები pull request-ს უწოდებენ. როგორც წესი, ცვლილება პროექტის ძირითად კოდში მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა მას ვინმე შეამოწმებს და დაამტკიცებს.
Anthropic-ის სტატია ამ პროცესს ასე აღწერს: პროგრამისტი ცვლილებას აგზავნის და ახალ საქმეს იწყებს. მალე შენიშვნები მოდის. ის წინა საქმეს უბრუნდება, ასწორებს და ისევ შემოწმებას ელოდება. ბოლოს კი კოლეგას ეძებს, რომელიც ცვლილებას დაამტკიცებს.
კომპანიის თქმით, გუნდების უმეტესობას სურს, რომ ყოველ ცვლილებას ადამიანი ამტკიცებდეს. სანამ კოდის ყველა სტრიქონს ადამიანები წერდნენ, ამის მოსწრება ადვილი იყო. ახლა კი ბევრი პროგრამისტი AI აგენტებთან ერთად მუშაობს. Claude Code-ის გუნდში კოდის უმეტეს ნაწილს უკვე Claude წერს და Anthropic-ს სურდა, რომ შემოწმება და დამტკიცებაც ასეთივე სწრაფი ყოფილიყო.
კოდის შემოწმება, გასწორება და დამტკიცება: Claude Ship-ის სამი ნაწილი

ხელსაწყო სამი ნაწილისგან შედგება. პირველი მათგანი უკვე სრულად ხელმისაწვდომია, დანარჩენი ორი კი ახალი აგენტია და ჯერ ბეტა-ვერსიაშია:
- შემოწმება (Code Review). Claude ცვლილებას დეტალურად და რამდენიმე კუთხით ამოწმებს და ითვალისწინებს, როგორ უკავშირდება ის პროექტის დანარჩენ კოდს. ნაპოვნ ხარვეზებს ჯერ თავადვე ეჭვის თვალით აფასებს, ადასტურებს და ახარისხებს, შემდეგ კი შენიშვნების სახით აქვეყნებს. თითოეული პროექტისთვის შეიძლება შემოწმების სამი დონიდან ერთ-ერთის არჩევა: სწრაფი (Quick), სტანდარტული (Standard) ან ღრმა (Deep);
- გასწორება (PR Steward). ეს აგენტი ზრუნავს, რომ ცვლილებამ ყველა შემოწმება გაიაროს. თუ ავტომატური შემოწმება ჩავარდა, სხვა ცვლილებასთან კონფლიქტი წარმოიშვა ან Code Review-მ, სხვა ხელსაწყომ თუ კოლეგამ შენიშვნა დატოვა, აგენტი პრობლემის გასწორებას თავად იწყებს. ყოველი ჩასწორების შემდეგ კომენტარში წერს, რა შეცვალა და როგორ შეიძლება ამის გაუქმება. პროგრამისტს შეუძლია, კომენტარში @claude დაწეროს და აგენტს მითითება მისცეს, ხოლო @claude stop-ით მუშაობის შეწყვეტა სთხოვოს. ცვლილებას ეს აგენტი არც ამტკიცებს და არც ძირითად კოდში ამატებს;
- დამტკიცება (Claude Approvals). საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდის წესების მიხედვით იღებს. გუნდი პროექტში ცალკე ფაილს ქმნის და მასში წერს, რომელ ცვლილებას დაამტკიცებს Claude თავად და რომელს დასჭირდება ადამიანის თანხმობა. Anthropic-ის თქმით, ეს ფაილი CODEOWNERS-ის უფრო ჭკვიანი ვერსიაა. CODEOWNERS GitHub-ის ფაილია, სადაც წერია, ვინ არის პასუხისმგებელი კოდის ამა თუ იმ ნაწილზე.

გადაწყვეტილების მიღებისას Claude Approvals-ს შეუძლია სხვადასხვა მონაცემი გაითვალისწინოს, მაგალითად Code Review-ის შედეგები ან გუნდის მიერ ჩვეულებრივი ენით აღწერილი კრიტერიუმები. Anthropic მომხმარებლების უმეტესობას ურჩევს, დამტკიცების ფუნქცია ჯერ მხოლოდ დაკვირვების რეჟიმში ჩართონ და სავალდებულო ეტაპად მაშინ აქციონ, როცა Claude-ის გადაწყვეტილებებს ენდობიან.
/ship: Claude Ship ერთი ბრძანებით
ცალკეულ პროგრამისტს შეუძლია, Claude Ship საკუთარ ცვლილებებზე Claude Code-ში გამოცადოს. საკმარისია, პროგრამა განაახლოს და მზა ცვლილებაზე /ship ბრძანება გაუშვას. Claude ცვლილებას GitHub-ზე ატვირთავს, შესამოწმებლად გაგზავნის, თავად შეამოწმებს, შემდეგ კი შენიშვნებსა და ჩავარდნილ შემოწმებებზე იმუშავებს, რომ ცვლილება ძირითად კოდში დასამატებლად მოამზადოს.
რა მოხვდება საბოლოოდ ძირითად კოდში, ამას კვლავ პროგრამისტის უფლებები და პროექტის წესები განსაზღვრავს. /ship 23 ნოემბრიდან Claude Code-სა და დესქტოპ აპლიკაციაში ეტაპობრივად ხდება ხელმისაწვდომი.
Anthropic-ის გამოქვეყნებულ მაგალითში ჩანს, რომ /ship-ის გაშვების შემდეგ Claude ცვლილებას მაქსიმუმ შვიდი დღის განმავლობაში ადევნებს თვალს. ამ დროს Claude Code-ის სესია ღია, კომპიუტერი კი ჩართული უნდა იყოს. /ship stop ბრძანება ამ პროცესს აჩერებს.
Team და Enterprise: ავტომატური შემოწმება მთელ პროექტზე
Team და Enterprise გეგმების მქონე ორგანიზაციებში ადმინისტრატორს შეუძლია Claude Ship მთელ პროექტზე ჩართოს. ამ შემთხვევაში ის გუნდის ყველა ცვლილებაზე ავტომატურად იმუშავებს და /ship ბრძანება საჭირო აღარ იქნება:
- შემოწმებასა და გასწორებას ადმინისტრატორი თითოეულ პროექტზე ცალკე რთავს;
- დამტკიცების ფუნქცია მაშინ ამოქმედდება, როცა პროექტის ძირითად კოდს წესების ფაილი დაემატება. ადმინისტრატორს მისი გამორთვაც შეუძლია;
- თითოეულ პროექტზე ადმინისტრატორი ცალკე ირჩევს შემოწმების დონესა და დროს, ასევე ადგენს თვიური ხარჯის ზღვარს;
- გუნდი არსებულ ხელსაწყოებს ინარჩუნებს: ახალი სისტემა კოდის დაცვის წესებსა და სავალდებულო შემოწმებებთან ერთად მუშაობს.
Anthropic-ის გამოცდილება და პირველი მომხმარებლები
Anthropic ხელსაწყოს საკუთარი ცვლილებების დიდ ნაწილზეც იყენებს. Claude Code-ის გუნდში Claude-ის შემოწმება საერთო პროცესის ერთ-ერთი ეტაპია. კომპანიის მონაცემებით, ივნისიდან სექტემბრამდე ძირითად კოდში დამატებული ცვლილებების რაოდენობა ორჯერზე მეტად გაიზარდა, ხოლო იმ ცვლილებების წილი, რომელთა გაუქმებაც შემდეგ გახდა საჭირო, 40%-ზე მეტით შემცირდა.
კომპანიის თქმით, ერთ-ერთი მთავარი სიახლე ისაა, თუ ვის შეუძლია მომხმარებლის შენიშვნაზე რეაგირება. მაგალითად, Claude Code-ის გუნდის პროდუქტის მენეჯერს ახლა შეუძლია, შენიშვნა წაიკითხოს, იდეები Claude Tag-თან (Anthropic-ის აგენტი, რომელიც Slack-ში მუშაობს) განიხილოს და ცვლილების მომზადება მას დაავალოს. შემდეგ ის სხვა საქმეზე გადადის, Claude Ship კი ცვლილებას ამოწმებს, ასწორებს და მის დამტკიცებაზე გადაწყვეტილებას იღებს.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა კომპანიამ დეტალურად აღწერა. მომხმარებელი Analytics API-ის დოკუმენტაციამ დააბნია: იქიდან ისე ჩანდა, თითქოს ადმინისტრატორის გასაღებით Pro და Team გეგმების მოხმარების მონაცემების მიღება შეიძლებოდა. პროდუქტის მენეჯერმა Claude Tag-ს ჰკითხა, ხომ არ მზადდებოდა უკვე გასწორება, Claude Tag-მა კი ის თავად მოამზადა. Code Review-მ ვერაფერი იპოვა, რაც ცვლილებას შეაფერხებდა, დოკუმენტაციის რედაქტორმა თანხმობა მისცა, Claude Approvals-მაც მწვანე შუქი აუნთო და გასწორება იმავე საღამოს ძირითად კოდში მოხვდა.
Claude Ship-ის ნაწილებს უკვე იყენებენ კომპანიები TELUS Digital და Carvana. TELUS Digital-ის ინჟინერიის დირექტორი ვატსალ ბჰატი ამბობს, რომ Code Review-მ არაერთხელ იპოვა ნამდვილი პრობლემა მანამ, სანამ ცვლილებას ადამიანი ნახავდა, PR Steward-მა კი ავტორს მისი გასწორება გაუადვილა. მისი თქმით, ადამიანი პროცესში კვლავ მონაწილეობს, უბრალოდ, მისი დრო ახლა იმ ცვლილებებს ეთმობა, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდება.
Carvana-ში PR Steward-ს საპილოტე პროექტის ფარგლებში ცდიან. კომპანიის ინჟინერიისა და ანალიტიკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, ალექს დევკარის თქმით, ამ აგენტის წყალობით გუნდები შენიშვნებზე მუშაობას ნაკლებ დროს უთმობენ, ახალი კოდის წერას კი მეტს.
ფასი და შეზღუდვები
Claude Ship ხელმისაწვდომია Claude-ის Team და Enterprise გეგმებზე, GitHub-ზე განთავსებული პროექტებისთვის. Code Review უკვე სრულად გაშვებულია, PR Steward და Claude Approvals კი ჯერ ბეტა-ვერსიაშია.
საფასური დახარჯული ტოკენების მიხედვით ითვლება, ამიტომ ხელსაწყოს ჩართვამ ორგანიზაციის ხარჯები შეიძლება გაზარდოს. თანხა დამოკიდებულია იმაზე, რამდენ და რა ზომის ცვლილებას ამოწმებს Claude, რა დონის შემოწმებაა არჩეული, რამდენად ხშირად ტარდება ის და რამდენ სამუშაოს ასრულებს PR Steward. Code Review-სა და PR Steward-ზე ადმინისტრატორს ხარჯის ზღვრის დაწესება შეუძლია.
Claude Approvals-ს საბაზო საფასური არ აქვს, თუმცა წესებში ჩართული კრიტერიუმების შემოწმება ტოკენებს მაინც ხარჯავს. თუ წესები Claude-ის შემოწმებას ითვალისწინებს, Code Review ცალკე იფასება, დაკვირვების რეჟიმშიც კი. /ship-ის გაშვება კი Claude Code-ის ჩვეულებრივ მოხმარებად ითვლება.
ხელსაწყოს ვერ გამოიყენებენ ორგანიზაციები, რომლებსაც ჩართული აქვთ მონაცემების შეუნახაობის რეჟიმი (Zero Data Retention), HIPAA-ს კონფიგურაცია ჯანმრთელობის მონაცემებისთვის ან საკუთარი დაშიფვრის გასაღებები.
პირობების დამაკმაყოფილებელ Enterprise ორგანიზაციებს Claude Ship-ზე დასახარჯად სულ მცირე 10 000 დოლარის კრედიტის მიღება შეუძლიათ. კრედიტი 2027 წლის 15 იანვრამდე უნდა მოითხოვონ და მიღებიდან 30 დღეში დახარჯონ.
Anthropic აფრთხილებს, რომ Claude Ship ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობა და შეიძლება შეცდომა, უსაფრთხოების ხარვეზი ან სხვა პრობლემა გამოტოვოს.
სურათები: Anthropic.
სხვა თემები
Claude-მა შავი ხვრელების ორი ამოცანა ამოხსნა, რომლებსაც ფიზიკოსები 15 წელზე მეტხანს ვერ ხსნიდნენ
რიმანის ჰიპოთეზა დამტკიცებულია: Lean-ის საზოგადოებამ Claude-ის დამტკიცება დაადასტურა
როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი: 15 მაგალითი
