Alibaba-ს Qwen გუნდმა წარადგინა Qwen-image-3.0 – გამოსახულების გენერაციის მოდელის მესამე თაობა. თუ პირველი ვერსიის მთავარი აქცენტი სიზუსტე იყო, მეორის კი მრავალფეროვნება, ახალი მოდელის კონცეფცია ერთ სიტყვაზე დგას: რეალური. გუნდის თქმით, მიზანია გამოსახულების გენერაცია ლამაზი სურათებიდან რეალურ სამუშაო ინსტრუმენტად იქცეს.
რა შეუძლია Qwen-image-3.0-ს
მთავარი ტექნიკური სიახლე პრომპტის სიგრძეა – მოდელი იღებს 4.5 ათას ტოკენამდე ინსტრუქციას. შედარებისთვის, წინა ვერსია დაახლოებით 1000 ტოკენით შემოიფარგლებოდა. ეს საშუალებას იძლევა, რთული განლაგების მქონე გამოსახულებები ერთ გავლაზე შეიქმნას.
ოფიციალურ მაგალითებში ჩანს გაზეთის გვერდები, სთორიბორდები, საგამოცდო ფურცლები, 3×3 ინფოგრაფიკული ბადე და მრავალშრიანი UI ინტერფეისები. Qwen-ის თქმით, ცხრაპანელიანი ბადე ერთი პრომპტით გენერირდება და არა ცხრა ცალკეული რენდერის გაერთიანებით.

დეტალები და ტექსტის რენდერინგი
გუნდი აცხადებს, რომ ტექსტი 10 პიქსელამდე ზომაზეც წაკითხვადი რჩება. მაგალითებში არის LaTeX-ით აწყობილი სამეცნიერო სტატიის სრული გვერდები, ხოლო პორტრეტებში – კანის ტექსტურა, ფორები და თმის ღერები თითქმის ფოტოგრაფიულ დონეზე.
ცოდნა და მრავალენოვნება
- ტექსტის ნატიური რენდერინგი 12 ენაზე და 20-ზე მეტი შრიფტით
- 100-ზე მეტი მხატვრული სტილი
- რეალისტური ინტერფეისები – ვებგვერდები, თამაშები, ლაივსტრიმის გვერდები
- მსოფლიო ცოდნა და ვებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოძიება
რაც ჯერ არ ვიცით
გამოშვების მეთოდი წინა ვერსიებისგან განსხვავდება. ანონსს არ ახლავს benchmark-ის ქულები, პარამეტრების რაოდენობა, ტექნიკური ანგარიში და ჩამოსატვირთი წონები. პირველი თაობის Qwen-Image 2025 წლის აგვისტოში ღია წონებით და Apache 2.0 ლიცენზიით გამოვიდა, ტექნიკური ანგარიშიც იმავე დღეს გამოქვეყნდა.
ამ ეტაპზე Qwen-image-3.0-ის ოფიციალური რეპოზიტორია HuggingFace-ზე არ გამოჩენილა და API-ის ფასებიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.
სად ვცადოთ
მოდელი უკვე ხელმისაწვდომია Qwen Chat-ში, გამოსახულების გენერაციის რეჟიმში, უფასოდ. Qwen გუნდი მოდელს პროდუქტიულობის ინსტრუმენტად წარადგენს – დიზაინის, კონტენტის, განათლებისა და ელკომერციის სფეროებისთვის.
სხვა თემები
კოლექტიური კიბერთავდაცვა: OpenAI-ის ღია წერილი
GlucoFM – Google-ის ახალი AI მოდელი
Qwen3.8-Flash – Qwen4-ის არქიტექტურის ადრეული ვერსია
