AI-სურათების გენერაციით ცნობილმა კომპანია Midjourney-მ 18 ივნისს, სან-ფრანცისკოში გამართულ ღონისძიებაზე, ახალი მიმართულება – Midjourney Medical – და თავისი პირველი აპარატურული პროდუქტი წარადგინა. ეს არის სრული სხეულის ულტრაბგერითი სკანერი, რომელსაც კომპანია „Ultrasonic CT“-ს უწოდებს და რომლის სკანირებაც დაახლოებით 60 წამში სრულდება.
პრეზენტაცია კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ჰოლცმა (David Holz) ჩაატარა. Midjourney-სთვის ეს მკვეთრი შემობრუნებაა – კომპანია, რომელიც დღემდე ტექსტიდან სურათების შექმნით იყო ცნობილი, ახლა სამედიცინო ვიზუალიზაციაში გადადის.
სარჩევი
თავად კომპანია აღიარებს, რომ პროექტი არ უკავშირდება იმას, რაც აქამდე გააკეთა. მათ თქმით, ისინი ცდილობენ პასუხი გასცენ კითხვებს – „როგორი გვინდა ვიყოთ?“ და „რად გვინდა ვიქცეთ?“.
რა არის Midjourney Medical?
Midjourney Medical კომპანიის ახალი, ჯანდაცვაზე ორიენტირებული მიმართულებაა. მისი მთავარი იდეა მარტივია: ადამიანს მისცეს რაც შეიძლება მეტი მონაცემი საკუთარ სხეულზე, რაც შეიძლება სწრაფად და იაფად.
Midjourney ამბობს, რომ მათ სურდათ რაღაც ისეთივე ძლიერი, როგორიც MRI-ია, მაგრამ ისეთივე უბრალო და სასიამოვნო, როგორიც სპაში მისვლა. კომპანიის ლოგიკით, ჯანმრთელობაზე ზრუნვა საბოლოოდ მონაცემებსა და სხეულის შესახებ ინფორმირებულობაზე დადის.
იდეა ისაა, რომ დროთა განმავლობაში ეს მონაცემები შეადარო შენს წინა შედეგებსა და ზოგად პოპულაციას, ესაუბრო ექიმებს, ნუტრიციოლოგებსა და მწვრთნელებს და უფრო ადრე და უფრო ხშირად მიიღო გადაწყვეტილებები.
როგორ მუშაობს Midjourney-ის სკანერი
კომპანია მას Midjourney Scanner-ს უწოდებს. პროცესი იწყება არაღრმა, ოქროსფერი შუქით სავსე აუზში შესვლით. პლატფორმა, რომელზეც დგახართ, ნელა ეშვება წყალში – დაახლოებით წამში 5 სანტიმეტრის (2 დიუმის) სიჩქარით.
ჩაშვებისას სხეული გადის რგოლში, რომელიც ნახევარი მილიონი პაწაწინა კვადრატისგან შედგება. თითოეული მათგანი ქვიშის მარცვლის ზომისაა და ერთდროულად მუშაობს როგორც პატარა დინამიკი, ისე მიკროფონი.
ეს ელემენტები სხეულში ულტრაბგერით ტალღებს უშვებენ და უკან დაბრუნებულ „ექოს“ იჭერენ – კომპანია მათ დელფინებს ადარებს, რომლებიც ექოლოკაციას იყენებენ. ტალღების ფორმა იცვლება იქ, სადაც სიმკვრივე ან სიხისტე იცვლება (წყლიდან კანზე, ცხიმზე, კუნთსა და ძვალზე), და სწორედ ამ ცვლილებების ანალიზით შენდება სხეულის დეტალური 3D რუკა.
რიცხვები, რომლებზეც Midjourney საუბრობს, შთამბეჭდავია:
- სკანირების მიზნობრივი დრო – არაუმეტეს 60 წამისა.
- რგოლი შედგება ნახევარი მილიონი სენსორული ელემენტისგან.
- სისტემა წამში ტერაბაიტობით მონაცემს აწარმოებს. კომპანიის თქმით, სკანირების 1 წამის მონაცემი HD ვიდეოდ რომ გადააქციო, 500 საათის ყურება დაგჭირდებოდა.
- მიღებული 3D რუკა სხეულს მილიმეტრის ნაწილამდე ფარავს და, კომპანიის თქმით, დღევანდელ MRI-ს ჰგავს, ოღონდ თითქმის 100-ჯერ უფრო სწრაფად.
აპარატი დამოუკიდებლად არ შექმნილა. სკანერი შემუშავდა ულტრაბგერითი მოწყობილობების მწარმოებელ Butterfly Network-თან პარტნიორობით, და თითო სისტემაში Butterfly-ის 40 „Ultrasound-on-Chip“ მოდული გამოიყენება.
დევიდ ჰოლცის თქმით, ეს ბოლო 50 წლის განმავლობაში სხეულის ვიზუალიზაციის პირველი ახალი მეთოდია. შესადარებლად, Engadget-ის ცნობით, სრული სხეულის MRI ჩვეულებრივ 60-დან 90 წუთამდე გრძელდება.
Midjourney Spa – სკანერი წყლის ქვეშ
რადგან სკანერი წყალს და სხეულის შემოვლას საჭიროებს, Midjourney-მ მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩასართავად სპა მოიფიქრა. პირველი Midjourney Spa სან-ფრანცისკოს ცენტრში 2027 წელს გაიხსნება .
სპაში იქნება ცხელი აბაზანები, საუნები, ცივი აუზები და ოქროსფერი შუქით სავსე ოთახები, რომლებიც სხეულს ნაზად ასკანირებენ. კომპანიის თქმით, სივრცე 24/7 იმუშავებს და ისეთი ადგილი იქნება, სადაც სკანერის საჭიროების გარეშეც წახვიდოდი.
აქ მთავარი იდეა ისაა, რომ სკანირება ვიზიტის უბრალო „გვერდით ეფექტად“ იქცეს – მასზე ფიქრიც კი არ გიწევს, მაგრამ დროთა განმავლობაში ჯანმრთელობის დიდ მონაცემთა ბაზას აგროვებ. ცალკეული გამოცემების ცნობით, პირველ სპაში 10 სკანერი იქნება განთავსებული.
გეგმა 2031 წლამდე
Midjourney-ის განცხადებით, მომდევნო 12 თვე ალგორითმებისა და აპარატურის დახვეწას, კვლევით ცდებსა და მეორე თაობის აპარატის შემუშავებას დაეთმობა. წლის ბოლოს კი პირველი სპა გაიხსნება.
- 2027 – სან-ფრანცისკოში პირველი სპის გახსნა და რეალურ პირობებში მუშაობის ტესტირება.
- 2028 – გაფართოება ახალ ქალაქებში და მესამე თაობის (Gen3) სკანერზე გადასვლა, რომელსაც სრულად საკუთარი ჩიპი ექნება.
- 2031 – მიზანი: მსოფლიოში 50 000-ზე მეტი სკანერი და თვეში მილიარდი სკანირების ჩატარების შესაძლებლობა.
რეგულაცია ცალკე ბარიერია. Midjourney იწყებს სხეულის შემადგენლობის (ცხიმი, კუნთი, ძვალი) დეტალური რუკებით, რაც დიაგნოსტიკურ პროდუქტზე ნაკლებ მოთხოვნებს გულისხმობს, და დაპირდა, რომ დამატებითი შესაძლებლობებისთვის რეგულარულად წარუდგენს ტესტების შედეგებს FDA-ს.
დიდი დაპირებები და ღია კითხვები
Midjourney წერს, რომ საკმარისად ადრეული ვიზუალიზაციით მსოფლიოს „სრულად შესაძლებელია“ აეცილებინა ყველა გარდაცვალების 30% და ჯანდაცვის ხარჯების 50%. ეს მათივე ხედვაა და არა დადასტურებული შედეგი.
სკეპტიკოსები სწორედ აქ ამახვილებენ ყურადღებას. სიჩქარისა და ხარისხის შესახებ განცხადებები ჯერ დამოუკიდებელ ვალიდაციას საჭიროებს, აპარატი ჯერ დიაგნოსტიკურ მოწყობილობად არ ითვლება და კლინიკური, რეგულატორული თუ ეკონომიკური კითხვები ღიად რჩება.
ცალკე გამოწვევაა აპარატურა და მონაცემები. სველი სივრცეების მართვა, აპარატების მომსახურება და ჯანმრთელობის მგრძნობიარე მონაცემების დაცვა იმ სირთულეებია, რომლებსაც პროგრამული კომპანიები ხშირად აფასებენ ნაკლებად. თუმცა ეს ნაბიჯი ისეთი მოულოდნელი არ არის, როგორც ჩანს – ჰოლცი ადრე აპარატურულ კომპანია Leap Motion-ს თანააფუძნებდა.
„კომუნიტიზე“ დაფუძნებული ლაბორატორია
Midjourney კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ინვესტორები არ ჰყავს და თავს „Community-ზე დაფუძნებულ კვლევით ლაბორატორიად“ მოიხსენიებს – კომპანიას ჩვეულებრივი ადამიანები აფინანსებენ. ეს ნაწილობრივ ხსნის, თუ რატომ შეუძლია ასეთ თამამ პროექტში შესვლა. საბოლოო ჯამში უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ უკვე ვხედავთ მედიცინის გარდაქმნას, რომელიც სრულად ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია
სხვა თემები
კოლექტიური კიბერთავდაცვა: OpenAI-ის ღია წერილი
GlucoFM – Google-ის ახალი AI მოდელი
პერსონალიზებული mRNA კიბოს ვაქცინა Phase 3 კვლევაში წარმატებული აღმოჩნდა
