AGI HAS ARRIVED
21 სექტემბერი, 2026

ჯეფ დინი Google-ს ტოვებს, ჰასაბისი ახალ პოზიციაზე გადადის

ჯეფ დინი

Google-ის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინჟინერი, ჯეფ დინი, კომპანიაში 27-წლიანი კარიერის შემდეგ თანამდებობას ტოვებს, ხოლო Google DeepMind-ში ხელმძღვანელობის ცვლილებების ფარგლებში დემის ჰასაბისი ყოველდღიური ოპერაციული მართვიდან სტრატეგიულ როლზე გადადის, გუნდს კი კორაი ქავუქჩუოღლუ ჩაუდგება სათავეში.

სამივე ცვლილება სუნდარ პიჩაიმ დღეს, თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში გამოაცხადა. ტექსტი, ჰასაბისის შიდა მიმართვასთან ერთად, მოგვიანებით Google-ის ბლოგზეც გამოქვეყნდა.

სარჩევი

რატომ ტოვებს ჯეფ დინი Google-ს 27 წლის შემდეგ

პიჩაის ფორმულირებით, დინს ახალი საქმის დაწყება სურდა და კომპანია ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

ახალი კომპანიის სახელი ჯეფ დინმა თავად გამოაქვეყნა X-ზე. მას Discovery Loop ჰქვია და public benefit კორპორაციის ფორმით იქმნება. დინთან ერთად Google-ს კიდევ სამი დიდი ხნის თანამრომელი და თანამოაზრე ტოვებს: სანჯაი ღემავატი, ორიოლ ვინიალსი და კუოკ ლე. პოსტში დინი აღნიშნავს, რომ ოთხივეს ერთმანეთთან 14-დან 30 წლამდე თანამშრომლობის გამოცდილება აქვს და ამ წლების განმავლობაში ისეთ პროდუქტებზე, ინფრასტრუქტურასა და AI მოდელებზე მუშაობდნენ, რომლებსაც დღეს მილიარდობით ადამიანი იყენებს. Discovery Loop-ის მიზნად კი მანქანური სწავლების, მეცნიერებისა და ინჟინერიის ავტომატიზაციაა დასახელებული, რათა აღმოჩენების ტემპმა კიდევ უფრო აიწიოს.

კავშირი მთლიანად არ წყდება. Google ახალ კომპანიაში დამფუძნებელი ინვესტორი და Cloud-პარტნიორი იქნება, გარდა ამისა, ერთობლივად იმუშავებენ ML სისტემებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის კვლევით ჩარჩოზე.

ჯეფ დინი და ღემავატი იმ მცირერიცხოვან ჯგუფს განეკუთვნებიან, რომლებმაც Google-ის ტექნიკური საძირკველი ჩაყარეს: ადრეული საძიებო ინფრასტრუქტურიდან იმ ნეირონულ ქსელებამდე, რომლებმაც დღევანდელი AI ეპოქა მოამზადა. პიჩაი წერილში პირადად ემშვიდობება ორივეს და მადლობას უხდის.

ჰასაბისი ოპერატიულ მართვას თმობს

დემის ჰასაბისი Google DeepMind-ის თავმჯდომარე და Alphabet-ის Chief Scientist ხდება. პარალელურად ის Isomorphic Labs-ს კვლავ ხელმძღვანელობს.

პიჩაი წერს, რომ ისინი დიდი ხანია განიხილავდნენ როლს, რომელიც ჰასაბისს საშუალებას მისცემდა მთელი ყურადღება AGI-ის მომავალზე გადაეტანა. ბოლო პერიოდში ჰასაბისი დროის დიდ ნაწილს გარე კომუნიკაციას უთმობდა და კომპანიის მდგომარეობა “სინგულარობის მთის წინ” ყოფნას შეადარა.

რას ამბობს თავად ჰასაბისი

საკუთარ წერილში ის უფრო პირდაპირია: ის წერს რომ AGI-ზე მთელი ცხოვრება მუშაობდა და ახლა გრძნობს, რომ ის ძალზედ ახლოსაა. სწორედ ამიტომ თვლის, რომ დროა ოპერაციული პასუხისმგებლობები გადააბაროს და თავად უფრო დიდ სურათს დაუთმოს დრო.

ახალ როლში ჰასაბისი ლონდონში, Platform 37-ის ახალ ოფისებში იმუშავებს და პიჩაისთან ერთად სტრატეგიულ და გლობალურ AGI საკითხებზე იქნება ჩართული. GDM-ის გუნდებს კი მოდელებსა და კვლევაზე ურჩევს.

ცალკე აქცენტი Isomorphic Labs-ზეა. ჰასაბისი წერს, რომ ყოველთვის სჯეროდა – AI-ის მთავარი დანიშნულება ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა, და რომ ტექნოლოგიამ თავისი ღირებულება ისეთი დაავადებების დამარცხებით უნდა დაამტკიცოს, როგორიც სიმსივნეა.

კორაი ქავუქჩუოღლუ ხდება GDM-ის SVP

Google DeepMind-ის მოქმედი ტექნიკური დირექტორი და Google-ის Chief AI Architect კორაი ქავუქჩუოღლუ (Koray Kavukcuoglu) SVP-ის პოზიციაზე გადადის და უშუალოდ პიჩაის დაექვემდებარება.

მის პასუხისმგებლობაში ერთიანდება Gemini-ის მოდელების განვითარება, ფრონტირ AI კვლევა, Gemini-ის აპლიკაცია და დეველოპერული გუნდები. ფაქტობრივად, ეს ის ოთხი მიმართულებაა, რომელზეც კომპანიის პროდუქტული ტემპი დგას.

ქავუქჩუოღლუ DeepMind-შია მისი დაარსების პირველივე წლებიდან. 13 წლის განმავლობაში მან შექმნა deep learning-ის გუნდი და ხელმძღვანელობდა ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა WaveNet და DQN. ჰასაბისი მას მსოფლიოს წამყვან AI ექსპერტებს შორის ასახელებს.

რიცხვები, რომლებსაც პიჩაი ასახელებს

  • Gemini-ის აპლიკაცია – 950 მილიონზე მეტი თვიური მომხმარებელი.
  • Gemma-ს მოდელები – 900 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვა.
  • Flash – მაღალი მოთხოვნა, Cyber მოდელი კი უკვე ამოქმედებულია.
  • ბიზნესმიმართულებები – პიჩაის შეფასებით, ძლიერი დინამიკა Search-ში, YouTube-სა და Cloud-ში.

ეს ციფრები კომპანიის შიდა ანგარიშია და დამოუკიდებელი გაზომვა არ არის. მიუხედავად ამისა, მასშტაბის შესახებ წარმოდგენას ნათლად იძლევა.

Gemini 4 და მოახლოებული გამოშვებები

პიჩაი წერს მოსალოდნელ მოდელებზე და აღნიშნავს, რომ კომპანია იმ სფეროებზეა კონცენტრირებული, სადაც გაუმჯობესება სჭირდება. ჰასაბისი უფრო კონკრეტულია და პირდაპირ ახსენებს Gemini 4-ს, რომელზე მუშაობასაც “შესანიშნავ პროგრესს” უწოდებს.

ცალკე ნახსენებია Gemini Robotics-ის წინა კვირის შედეგები, რომლებიც პიჩაიმ კვლევითი მიმართულების ძლიერების მაგალითად მოიყვანა.

რას ნიშნავს ეს გადაწყობა

სტრუქტურა ორ ნაწილად იყოფა. ერთი მხარე პროდუქტისა და მოდელების სწრაფი გამოშვებაა, რასაც ქავუქჩუოღლუ მართავს; მეორე – გრძელვადიანი AGI და სამეცნიერო დღის წესრიგი, რომელზეც ჰასაბისი მუშაობს.

პიჩაი ამ ორმაგ ამოცანას ღიად აყალიბებს: კომპანიამ ერთდროულად უნდა დააჩქაროს მიმდინარე სამუშაო და ფრონტირზე დარჩეს, ამასთან, AGI-ისა და მეცნიერების მომავალიც ჩამოაყალიბოს. ერთი ადამიანის კალენდარში ორივეს მოქცევა რთულია და სწორედ ეს პრობლემა იხსნება ამ ცვლილებით.

ჰასაბისი წერილს იმ თეზისით ასრულებს, რომ Google ერთადერთი კომპანიაა სრული სტეკით – ინფრასტრუქტურიდან ღრუბლამდე, ფრონტირ მოდელებიდან AI-ზე აგებულ აპლიკაციებამდე. ეს კომპანიის პოზიციონირებაა OpenAI-სა და Anthropic-თან მიმართებით და არა ნეიტრალური შეფასება.

ჯეფ დინის წასვლა, ჰასაბისის ახალი როლი და ქავუქჩუოღლუს დაწინაურება ერთ დღეს გამოცხადდა და ერთ სურათს ქმნის: Google DeepMind მომდევნო ეტაპში სხვა ხელმძღვანელობით შედის. AI ექსპერტების შეფასებებით, ეს ცვლილებები, განსაკუთრებით კი ჰასაბისის მიერ AGI-ზე ასეთი ორიენტირება კიდევ ერთი ნიშანია იმისა რომ კაცობრიობა სინგულარობის დასაწყისშია. გამართლდება ეს კონფიგურაცია, უახლოეს თვეებში გამოსული მოდელები აჩვენებს.

AI დამწყებთათვის ხელოვნური ინტელექტი: სრული გზამკვლევი ისწავლე საფუძვლები - მანქანური დასწავლიდან ChatGPT-მდე, ინტერაქტიული ტესტით.

LLM.GE - გზამკვლევი ხელოვნურ ინტელექტში

LLM.GE არის ქართულ-ენოვანი პლატფორმა, რომელზეც ყოველდღიურად ქვეყნდება AI და ტექნოლოგიების სიახლეები, ახალი მოდელების, კვლევებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების შესახებ. საიტის მიზანია, მკითხველმა ერთ სივრცეში მიიღოს ზუსტი, გასაგები და დროული ინფორმაცია ტექნოლოგიური ინდუსტრიის მთავარი მოვლენების შესახებ

გამოიწერე სიახლეები

გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ Privacy Policy

×