OpenAI-ის მთავარმა მეცნიერმა იაკუბ პაჩოცკიმ 22 ნოემბერს გამოაქვეყნა ესე Perplexity and Intelligence. მასში კომპანიამ გაამხილა რიცხვები, რომლებითაც წლებია საკუთარი მოდელების პროგრესს ზომავს. ამ საზომს პერპლექსია (perplexity) ჰქვია.
პაჩოცკი ინდუსტრიას ორ რამეს სთავაზობს. მისი აზრით, პერპლექსია შეიძლება გახდეს საერთო საზომი, რომლითაც სხვადასხვა კომპანიის მოდელებს ერთმანეთს შეადარებენ. გარდა ამისა, კომპანიები უნდა შეთანხმდნენ ზღვარზე, რომელსაც არ გადალახავენ, სანამ მოდელების ქცევის გაგებასა და მასზე დაკვირვებას უკეთ არ ისწავლიან.
სარჩევი
სახელმა არ უნდა დაგაბნიოთ: საუბარი არ არის AI საძიებო სისტემა Perplexity-ზე. პერპლექსია მათემატიკური მაჩვენებელია და ამ კომპანიასთან მხოლოდ სახელი აკავშირებს.
რა არის პერპლექსია
ენობრივი მოდელი ტექსტს ნაწილ-ნაწილ ქმნის და ყოველ ნაბიჯზე ცდილობს გამოიცნოს, რომელი ტოკენი უნდა მოჰყვეს უკვე დაწერილს. პერპლექსია აჩვენებს, რამდენად კარგად გამოსდის ეს. რაც უფრო დაბალია რიცხვი, მით უფრო ზუსტად ხვდება მოდელი.
OpenAI პრაქტიკაში ამ რიცხვის ლოგარითმს აკვირდება (log-perplexity, იგივე cross-entropy loss). მას ითვლიან მონაცემებზე, რომლებიც მოდელს წვრთნისას არ უნახავს. GPT-3.5-ის დროიდან კომპანია ამისთვის საკუთარ შიდა კოდს იყენებს და ესეში მოყვანილი რიცხვებიც სწორედ მასზეა დათვლილი.
რატომ არის ეს რიცხვი ასეთი მნიშვნელოვანი? პაჩოცკი AI-ის შექმნას გამარტივებულად ასე აღწერს: ჯერ დიდ კომპიუტერს აწყობენ, მერე მისი საშუალებით მოდელს უზარმაზარ მონაცემებზე წვრთნიან, ბოლოს კი სხვადასხვა ხერხით ცდილობენ, მოდელის შესაძლებლობები გამოავლინონ. მეორე ეტაპს წინასწარი წვრთნა (pretraining) ჰქვია.
მისი თქმით, ახალი და მოულოდნელი უნარები სწორედ წინასწარი წვრთნისას ჩნდება. პერპლექსია კი ამ ეტაპის შედეგს ზომავს.
ჩვეულებრივი ტესტები, ანუ ბენჩმარკები, მალე ძველდება. GPT-2-ისა და GPT-3-ის შეფასებას დღევანდელი ტესტებით აზრი არ აქვს, მაშინდელ ტესტებს კი მოდელები GPT-4-ის დროს უკვე თითქმის უშეცდომოდ ასრულებდნენ. პაჩოცკის აზრით, წინასწარი წვრთნის პროგრესი მომავალშიც ბევრს გვეტყვის.
რას აჩვენებს OpenAI-ის გრაფიკი
ესეს თან ახლავს გრაფიკი, რომელზეც OpenAI-ის მოდელების პერპლექსიაა ნაჩვენები GPT-3.5-იდან დღემდე. რიცხვი თანდათან მცირდება და ზოგიერთ ზღვარზე მოდელებს ახალი უნარი უჩნდება:
- დაახლოებით 0,99 (GPT-3.5): მოდელი გამართულად საუბრობს. სწორედ მასზე აიგო პირველი ChatGPT;
- დაახლოებით 0,91 (GPT-4): მოდელს ნაბიჯ-ნაბიჯ მსჯელობა (chain-of-thought) უკვე შესამჩნევად ეხმარება. აქედან დაიწყო მსჯელობის (reasoning) მოდელების შექმნა;
- დაახლოებით 0,87 (GPT-5.3-Codex / GPT-5.4): გრაფიკზე ამ ზღვარს აწერია „სასარგებლო პროგრამისტი“;
- დაახლოებით 0,83 (GPT-5.6 Sol): „კიბერუსაფრთხოების ექსპერტი“;
- დაახლოებით 0,76 (GPT-6.2 Astra): „ათასწლეულის პრიზის მათემატიკური ამოცანა ამოხსნა“.
რიცხვები 0,99, 0,91 და 0,76 პაჩოცკის ტექსტშიც წერია. დანარჩენი რიცხვები და ის, თუ რომელი მოდელი რომელ ზღვარზეა, გრაფიკიდან არის აღებული და მიახლოებითია. გრაფიკზე ცალკე არის აღნიშნული OpenAI-ის შიდა მოდელიც, რომლის მაჩვენებელი დაახლოებით 0,73-ია.
პაჩოცკის თქმით, წინასწარ სულაც არ იყო ცხადი, რომ ეს უნარები ზუსტად ამ ზღვრებზე გაჩნდებოდა. ყველა მათგანი ერთი რიცხვის გაუმჯობესებას მოჰყვა.
2026 წელს მრუდი მკვეთრად ეშვება. OpenAI ამას ძირითადად მრავალწლიან კვლევასა და გამოთვლით სიმძლავრეებში ჩადებულ ინვესტიციას უკავშირებს, ავტომატიზაციას კი ნაკლებად. თუმცა, პაჩოცკის თქმით, ბოლო მოდელების დიზაინში AI-მაც შეიტანა შესამჩნევი წვლილი.
რატომ გაამხილა OpenAI-მ ეს რიცხვები
პაჩოცკი წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ადვილად არ მიუღიათ: რიცხვები კონკურენტებს უკეთ დაანახებს, სად დგას OpenAI. მაგრამ, მისი თქმით, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ინდუსტრია უსაფრთხოების საერთო წესებზე რაც შეიძლება მალე შეთანხმდეს.
აქვე ის იმოწმებს Anthropic-ის ხელმძღვანელის, დარიო ამოდეის ესეს We Must Pace the Frontier, რომელშიც ამოდეი AI-ის განვითარების ტემპის შენელებისკენ მოუწოდებდა. OpenAI იმედოვნებს, რომ გამოქვეყნებული რიცხვები ტემპზე შეთანხმებას სამეცნიერო საფუძველს შეუქმნის.
რატომ ახსენებს პაჩოცკი 2027 წელს
AI სულ უფრო მეტად ეხმარება ადამიანებს თავად AI-ის შექმნაში. ამაზე საუბრისას, როგორც წესი, უკიდურეს შემთხვევას ასახელებენ: რეკურსიულ თვითგაუმჯობესებას, როცა ეს პროცესი სრულად ავტომატურია და ადამიანი მას აღარ აკონტროლებს. პაჩოცკის თქმით, ეს აშკარად არ უნდა დავუშვათ.
თუმცა, მისი აზრით, ასეთ მსჯელობას მთავარი გამორჩება. მკვეთრი ნახტომისთვის შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რომ AI ერთ კონკრეტულ საქმეში ჩაერთოს: წინასწარი წვრთნის ალგორითმების კვლევაში.
ამის მაგალითად პაჩოცკის მათემატიკა მოჰყავს. OpenAI წელიწადზე მეტია მოდელებს მათემატიკის ამოუხსნელ ამოცანებს აძლევს. როცა მაჩვენებელი დაახლოებით 0,76-მდე ჩამოვიდა, მოდელმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო იმ ამოცანების ამოხსნა, რომლებზეც მკვლევრები წლობით ფიქრობდნენ.
პაჩოცკი იხსენებს, რომ პასუხები Slack-ის ერთ მიმოწერაში რიგრიგობით ჩნდებოდა და ეს ყველაფერი დაუჯერებლად გამოიყურებოდა. ოქტომბერში OpenAI-მ შიდა მოდელის მიერ მიღებული მათემატიკური შედეგები გამოაქვეყნა.
აქედან პაჩოცკი ასკვნის, რომ იგივე შეიძლება მოხდეს თავად AI-ის კვლევაშიც. ამ დარგში მარტივი იდეები ხშირად წლობით შეუმჩნეველი რჩებოდა. ამიტომ, მისი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ წინასწარი წვრთნის გაუმჯობესებები უკვე 2027 წელს ზვავივით წამოვიდეს.
ხელოვნური ინტელექტი უსაფრთხოებისა და მონიტორინგის კვლევასაც დააჩქარებს. თუმცა პაჩოცკი ფიქრობს, რომ ეს კვლევა წინასწარი წვრთნის შესაძლო ტემპს ფეხს ვერ აუწყობს.
რას სთავაზობს იაკუბ პაჩოცკი ინდუსტრიას
პაჩოცკის ვარაუდით, შემდეგი თვისებრივად ახალი უნარები მაშინ გაჩნდება, როცა მაჩვენებელი დაახლოებით 0,68-0,7-მდე ჩამოვა. რა უნარები იქნება ეს, თავადაც არ იცის. არ გამორიცხავს, რომ დღეს მათ არც კი ამოწმებენ.
ამასთან, ის ელის, რომ მოდელების შემოწმება გართულდება. დღეს გავრცელებული მეთოდები ნაკლებად საიმედო გახდება, მოდელები კი უფრო ხშირად მიხვდებიან, რომ მათ ამოწმებენ ან წვრთნიან. ამიტომ მისი წინადადება ასეთია:
- საერთო წესები: წამყვანი კომპანიები ერთად უნდა შეთანხმდნენ, როგორ შეაფასონ ასეთი მოდელები და როგორ შეამოწმონ მათი უსაფრთხოება, სანამ მოდელს პირველად გამოიყენებენ. შეთანხმებაში გამჭვირვალობის საერთო სტანდარტებიც უნდა შევიდეს;
- საერთო ზღვარი: კომპანიები თანხმდებიან ზღვარზე, რომელიც პერპლექსიითა და სხვა მაჩვენებლებით განისაზღვრება. ამ ზღვარს არავინ გადალახავს, სანამ მოდელების ქცევის გაგებასა და მონიტორინგში კონკრეტული შედეგი არ იქნება მიღწეული. ასეთი შედეგი შეიძლება იყოს, მაგალითად, ახალი ინსტრუმენტი, რომელიც მოდელის მსჯელობაზე დაკვირვების დღევანდელ საშუალებებს (CoT monitors) ჩაანაცვლებს.
პაჩოცკის სურს, ინდუსტრიას ჰქონდეს სტანდარტი, რომელშიც ეწერება, სად გადის პირველი ზღვარი და რა უნდა გაკეთდეს მის გადასალახად. ის იმედოვნებს, რომ ამას მომდევნო ზღვრებზე შეთანხმებაც მოჰყვება.
რა ნაკლი აქვს ამ საზომს
პაჩოცკი თავადვე ჩამოთვლის, რატომ არ არის პერპლექსია იდეალური საზომი:
- რთულია შედარება: კომპანიები მოდელებს სხვადასხვა მონაცემზე წვრთნიან და ამოწმებენ, ამიტომ მათი რიცხვები ერთმანეთს პირდაპირ ვერ შეედრება;
- არ ჩანს, რა შეუძლია მოდელს: პერპლექსია კონკრეტულ ამოცანას არ უკავშირდება. ის მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ახალ უნარებს უნდა ველოდოთ;
- ყველაფერს ვერ ითვალისწინებს: ნაბიჯ-ნაბიჯ მსჯელობა პერპლექსიას არ ამცირებს, მოდელს კი ბევრად ძლიერს ხდის;
- უცნობია ქვედა ზღვარი: ნულამდე ეს რიცხვი ვერ ჩამოვა, მაგრამ არავინ იცის, სად გაჩერდება. ზღვართან მიახლოებისას რიცხვი ნელა შეიცვლება, თუმცა ყოველი მცირე ცვლილება მოდელს გაცილებით ჭკვიანს გახდის.
მიუხედავად ამისა, პაჩოცკის თქმით, პერპლექსიამ დროის გამოცდას გაუძლო. მის გაუმჯობესებაზე ბევრი კვლევითი გუნდი მუშაობს და მოდელებიც ამის კვალდაკვალ ჭკვიანდება.
რას ნიშნავს ეს
OpenAI-მ საკუთარი შიდა რიცხვები გაამხილა და მათზე დაყრდნობით ინდუსტრიას შეთანხმება შესთავაზა. ჯერჯერობით ეს მხოლოდ წინადადებაა: რიცხვები OpenAI-ის შიდა მონაცემებზეა დათვლილი, სხვა კომპანიების მოდელებთან მათი შედარება ჯერ ძნელია, ზღვარზე კი არავინ შეთანხმებულა.
ივლისში პაჩოცკიმ, წამყვანი AI კომპანიების 1100-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად, ხელი მოაწერა განცხადებას Pacing the Frontier, რომელიც AI-ის განვითარების ტემპის რეგულირებას ეხება. ახალი ესე იმავე თემას აგრძელებს.
სხვა თემები
GPT-6.2 Astra და Sol: OpenAI-მ ახალი მოდელები წარადგინა
Businesses in ChatGPT: ახალი ფუნქციები ბიზნესებისთვის
GPT-6 Cyber: OpenAI-ის ახალი მოდელი
