AGI HAS ARRIVED
10 სექტემბერი, 2026

AI სიახლეები: კვირის შეჯამება

AI სიახლეები

გასული კვირა AI ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აღმოჩნდა: ახალი ფლაგმანი მოდელი Anthropic-ისგან, სამი მოდელი Google-ისგან, NVIDIA-ს ახალი თაობის ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვის ფუნქცია ChatGPT-ში.

ერთ ბლოგში მოქცეული AI სიახლეები დაგეხმარებათ სწრაფად აღიდგინოთ სურათი, თუ კვირის განმავლობაში ვერ ადევნეთ თვალი.

სარჩევი

კვირის მთავარი AI სიახლეები: Claude Opus 5

Anthropic-მა 24 ივლისს Claude Opus 5 წარადგინა და მას მოაზროვნე და პროაქტიულ მოდელს უწოდებს. კომპანიის თქმით, ის ინტელექტით Fable 5-ს უახლოვდება, თუმცა ორჯერ იაფია.

ფასი Opus 4.8-ის იდენტურია: 5 დოლარი მილიონ შემავალ ტოკენზე და 25 დოლარი გამომავალზე. Fast რეჟიმში მოდელი დაახლოებით 2.5-ჯერ სწრაფად მუშაობს, ბაზისურ ტარიფზე ორჯერ ძვირად.

სად ჩანს ყველაზე დიდი ნახტომი

  • ARC-AGI 3 – ქულა სამჯერ აღემატება მეორე საუკეთესო მოდელისას
  • Zapier AutomationBench – ამოცანების გავლის მაჩვენებელი დაახლოებით 1.5-ჯერ მეტია, იმავე ღირებულებით
  • OSWorld 2.0 – აჭარბებს Fable 5-ის შედეგს დანახარჯის მესამედით

კიბერუსაფრთხოებასა და ბიოლოგიის კვლევაში Mythos 5 კვლავ მოწინავე რჩება. სრული დეტალები Anthropic-ის ოფიციალურ განცხადებაშია.

Google-მა ერთდროულად სამი მოდელი გამოუშვა

21 ივლისს Gemini-ს ოჯახს სამი ახალი მოდელი შეემატა: Gemini 3.6 Flash, 3.5 Flash-Lite და 3.5 Flash Cyber. აქცენტი ნედლ სიმძლავრეზე კი არა, ტოკენების ეფექტიანობაზეა.

Gemini 3.6 Flash წინამორბედზე 17%-ით ნაკლებ output ტოკენს ხარჯავს და 1.50 დოლარი ღირს მილიონ input ტოკენზე. DeepSWE-ზე შედეგი 37%-დან 49%-მდე გაიზარდა, OSWorld-Verified-ზე კი 83%-ს მიაღწია.

Flash-Lite წამში 350 ტოკენს გამოსცემს და მასობრივი ამოცანებისთვისაა გათვლილი. Flash Cyber კი მხოლოდ მთავრობებსა და სანდო პარტნიორებს მიეწოდება CodeMender-ის პილოტური პროგრამით. Google-ის ბლოგპოსტი სრულ ბენჩმარკებს მოიცავს.

ცალკე აღსანიშნავია დეტალი, რომელიც ანონსს ახლდა: Gemini 3.5 Pro პარტნიორებთან ტესტირების ეტაპზეა, Gemini 4-ის წვრთნა კი უკვე დაწყებულია.

ინფრასტრუქტურის AI სიახლეები: Vera Rubin ამოქმედდა

NVIDIA-ს ახალი თაობის პლატფორმა Vera Rubin NVL72 უკვე მუშაობს CoreWeave-ის, Google Cloud-ის, Microsoft Azure-ისა და Oracle Cloud-ის მონაცემთა ცენტრებში.

CoreWeave-ის გაზომვით, DeepSeek-R1-ზე სისტემა 10-ჯერ მეტ ტოკენს იძლევა ერთ მეგავატზე, ვიდრე Grace Blackwell NVL72. ეს მეტრიკა კრიტიკულია, რადგან ელექტროენერგია AI ინფრასტრუქტურის მთავარ შემზღუდველ ფაქტორად იქცა.

პლატფორმის ცენტრში ახალი Vera CPU დგას Olympus ბირთვით, მეექვსე თაობის NVLink კი 260 TB/s გამტარუნარიანობას იძლევა. Microsoft-მა და Mistral-მა უკვე გააფორმეს შეთანხმება ევროპაში ათასობით Vera Rubin GPU-ს განთავსებაზე.

AI სიახლეები ხმოვან ინტერფეისებში

კვირის ერთ-ერთი მკაფიო ტენდენცია ხმოვანი ინტერფეისების გაძლიერება იყო. ორივე მთავარმა კომპანიამ ერთსა და იმავე დღეს, 23 ივლისს, გამოუშვა განახლება.

Claude Voice Mode

Claude-ის ხმოვანი რეჟიმი ამიერიდან Opus-სა და Sonnet-ზეც მუშაობს და არა მხოლოდ Haiku-ზე. დაემატა წვდომა დაკავშირებულ ინსტრუმენტებზე: Gmail, Slack, Google Calendar და Canva.

ენების სია 11 ერთეულამდე გაფართოვდა, თუმცა ქართული ჯერჯერობით მასში არ არის. უფასო გეგმაზე ხმოვანი რეჟიმი Haiku-ზე რჩება, ერთი დაკავშირებული ინსტრუმენტით.

ChatGPT Voice დესკტოპზე

ChatGPT Voice macOS-სა და Windows-ზე გლობალურად გავრცელდა. ფუნქცია GPT-Live მოდელებზეა აგებული, რომლებიც ერთდროულად ლაპარაკობენ და უსმენენ.

დესკტოპზე ხმა დისპეტჩერის როლს ასრულებს: ლაპარაკით შესაძლებელია რამდენიმე პარალელური დავალების მართვა ChatGPT Work-სა და Codex-ში.

აგენტური ინსტრუმენტები Anthropic-ისგან

Claude Cowork-ს დაემატა სქილის ჩაწერის ფუნქცია. მომხმარებელი იწერს ეკრანს დავალების შესრულებისას, ხმით ხსნის ნაბიჯებს, Claude კი ამ ჩანაწერს გამეორებად სქილად აქცევს.

Claude Code Desktop-ს iOS სიმულატორის მხარდაჭერა დაემატა. სიმულატორი საუბრის გვერდით, ცალკე პანელში იხსნება და Claude-ს საშუალებას აძლევს საკუთარი ცვლილებები თავად შეამოწმოს.

Anthropic Economic Index-ის კონექტორი კი ინდექსის მონაცემებზე პირდაპირ წვდომას იძლევა ჩატში.

AI სიახლეები ჯანდაცვიდან: OpenAI Health

OpenAI-მ 23 ივლისს ჯანმრთელობის ფუნქცია აშშ-ში მყოფი მომხმარებლებისთვის გაუშვა. ChatGPT-ს შეიძლება დაუკავშირდეს Apple Health და მხარდაჭერილი სამედიცინო ჩანაწერები.

კომპანიის სტატისტიკით, ყოველკვირეულად 300 მილიონზე მეტი ადამიანი სვამს ChatGPT-ში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვას. ცალკე „ჯანმრთელობის სივრცე” გაუქმდა, რადგან ტესტირებამ აჩვენა, რომ ასეთი საუბრების 70%-ზე მეტი მის გარეთ მიმდინარეობდა.

კონფიდენციალურობის მხრივ OpenAI კონკრეტულ ვალდებულებებს იღებს: დაკავშირებული სამედიცინო მონაცემები არ გამოიყენება მოდელების ვარჯიშისთვის ან რეკლამის ტარგეტირებისთვის, გათიშვის შემდეგ კი 30 დღეში იშლება. ეს ფუნქია დიდი ალბათობით გლობალურად, მათ შორის საქართველოშიც უახლოეს მომავალში გაეშვება

სახელმწიფო, მეცნიერება და კვანტური კომპიუტერები

თეთრმა სახლმა 22 ივლისს Genesis Mission-ის გაფართოება გამოაცხადა – პროგრამას 5 მილიარდ დოლარზე მეტი ფედერალური დაფინანსება ემატება.

ინიციატივაში 15-ზე მეტი სააგენტო ჩაერთვება და 278 პროექტი შეირჩა. მიმართულებები მოიცავს პედიატრიული კიბოს კვლევას, წამლების აღმოჩენის დაჩქარებას, ელექტროქსელის მასშტაბირებას და ავტონომიურ ლაბორატორიებს.

პარალელურად Google-მა აჩვენა, რომ კვანტურ კომპიუტერს შეუძლია შეცდომებიდან სწავლა. განმამტკიცებელი სწავლების აგენტმა Willow ჩიპზე ლოგიკური სტაბილურობა 3.5-ჯერ გააუმჯობესა. კვლევა Nature-ში გამოქვეყნდა.

გამოსახულების გენერაცია: Qwen-image-3.0

Alibaba-ს Qwen გუნდმა მოდელის მესამე თაობა წარადგინა. მთავარი ტექნიკური სიახლე პრომპტის სიგრძეა: 4.5 ათას ტოკენამდე, წინა ვერსიის დაახლოებით 1000-ის ნაცვლად.

ეს საშუალებას იძლევა რთული განლაგებები ერთ გავლაზე შეიქმნას – გაზეთის გვერდები, სთორიბორდები, მრავალშრიანი ინტერფეისები. გუნდის თქმით, ტექსტი 10 პიქსელამდე ზომაზეც წაკითხვადი რჩება.

გამოშვებას თან არ ახლავს ბენჩმარკები, ტექნიკური ანგარიში და ჩამოსატვირთი წონები. მოდელი ხელმისაწვდომია Qwen Chat-ში.

AI სიახლეები მოკლედ: კვირის შეჯამება

  • Claude Opus 5 – ახალი ფლაგმანი Opus 4.8-ის ფასად
  • Gemini 3.6 Flash – Google-ის სამი ახალი მოდელი
  • Vera Rubin – 10-ჯერ მეტი ტოკენი მეგავატზე
  • OpenAI Health – ჯანმრთელობის მონაცემები ChatGPT-ში
  • Genesis Mission – 5 მილიარდი დოლარი AI მეცნიერებისთვის
  • Google Quantum – კვანტური კომპიუტერი შეცდომებიდან სწავლობს
  • Claude Voice Mode – Opus და Sonnet ხმოვან რეჟიმში
  • ChatGPT Voice – დესკტოპ აპლიკაციაში
  • Claude Cowork – სქილის სწავლება ეკრანის ჩაწერით
  • Claude Code – iOS სიმულატორის მხარდაჭერა
  • Economic Index – ახალი კონექტორი Claude-ისთვის
  • Qwen-image-3.0 – 4.5k ტოკენიანი პრომპტები

სამი ტენდენცია, რომელიც გასულმა კვირამ აჩვენა

პირველი – აქცენტი ფასზე გადავიდა. Opus 5 იმავე ტარიფით უკეთეს შედეგს იძლევა, Gemini 3.6 Flash კი ნაკლებ ტოკენს ხარჯავს და ნაკლებიც ღირს.

მეორე – ინტერფეისი დესკტოპზეც იხვეწება. ხმოვანი რეჟიმები, iOS სიმულატორი, ეკრანის ჩაწერით სწავლება: AI ინსტრუმენტები იქაც ვითარდება, სადაც ადამიანები რეალურად მუშაობენ.

მესამე – ენერგია და ინფრასტრუქტურა სტრატეგიულ რესურსად იქცა. Vera Rubin-ის მთავარი მეტრიკა ტოკენებია მეგავატზე, Genesis Mission კი გამოთვლით სიმძლავრეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხად განიხილავს.

AI წაიკითხე მეტი როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი AI-ის, დიდი ენობრივი მოდელებისა და ნეირონული ქსელების ახსნა ქართულ ენაზე.

LLM.GE - გზამკვლევი ხელოვნურ ინტელექტში

LLM.GE არის ქართულ-ენოვანი პლატფორმა, რომელზეც ყოველდღიურად ქვეყნდება AI და ტექნოლოგიების სიახლეები, ახალი მოდელების, კვლევებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების შესახებ. საიტის მიზანია, მკითხველმა ერთ სივრცეში მიიღოს ზუსტი, გასაგები და დროული ინფორმაცია ტექნოლოგიური ინდუსტრიის მთავარი მოვლენების შესახებ

გამოიწერე სიახლეები

გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ Privacy Policy

×