AGI HAS ARRIVED
10 სექტემბერი, 2026

ღია AI მოდელები: NVIDIA-ს წერილი და 50 კომპანია

ღია AI მოდელები

NVIDIA-მ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ათეულობით კომპანიამ აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდეს, ნაადრევად არ შეზღუდოს ღია AI მოდელები, ანუ ისეთი სისტემები, რომელთა პარამეტრების ჩამოტვირთვა, შესწავლა და საკუთარ ინფრასტრუქტურაზე გაშვება ნებისმიერს შეუძლია. სამგვერდიან წერილს სათაურით Open Weights and American AI Leadership 24 ივლისს თავდაპირველად 25-მა კომპანიამ მოაწერა ხელი, თუმცა ერთ დღეში ხელმომწერების რიცხვი 50-მდე გაიზარდა.

დოკუმენტი Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა გამოაქვეყნა. ჰუანგმა X-ზე ანგარიში სულ ახლახან გახსნა და თავისი პირველივე პოსტი სწორედ ამ წერილს მიუძღვნა.

სარჩევი

„მსოფლიოს სჭირდება როგორც წამყვანი დახურული, ისე წამყვანი ღია მოდელები”, დაწერა ჰუანგმა. პოსტმა არასრულ ორ დღეში 55 მილიონ ნახვას გადააჭარბა.

რას ითხოვს ღია AI მოდელების დამცველი კოალიცია

მთავარი მოთხოვნა ერთ წინადადებაში ეტევა: პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ ნაადრევი შეზღუდვებისგან ჩამოსატვირთ AI მოდელებზე. ტექსტში პირდაპირ არსად არის ნახსენები არც ჩინეთი, არც Moonshot AI და არც DeepSeek.

წერილის სათაურში გამოყენებული ტერმინი „open weights” შემდეგს ნიშნავს: კომპანია საჯაროდ აქვეყნებს მოდელის შიდა რიცხვებს, რომლებიც წვრთნის დროს დაგროვდა. სწორედ ეს რიცხვები ინახავს იმას, რაც მოდელმა ისწავლა.

ეს არ არის იგივე, რაც სრულად ღია კოდი. კომპანია, როგორც წესი, არ ავრცელებს არც საწვრთნელ მონაცემებს და არც წვრთნის სრულ პროცესს.

სამაგიეროდ, ამ ფაილების ჩამოტვირთვის შემდეგ მოდელის გაშვება საკუთარ სერვერზეა შესაძლებელი, ინტერნეტში გარე კომპანიის სერვისზე მიმართვის გარეშე. მისი გადამზადებაც შეიძლება საკუთარ მონაცემებზე, კონკრეტული ამოცანისთვის.

ხელმომწერები ოთხ არგუმენტს აყალიბებენ. პირველი, ღია AI მოდელები აფართოებს AI ეკონომიკაში ჩართვის შესაძლებლობას და კომპანიებს აძლევს საშუალებას, თითოეულ ამოცანას შესაფერისი მოდელი შესაფერის ფასად მოარგონ.

მეორე, ისინი აძლიერებს კონკურენციას მოდელების, ჩიპების, ღრუბლოვანი სერვისებისა და აპლიკაციების დონეზე. მესამე, კომპანიას რჩება კონტროლი საკუთარ მონაცემებზე და მცირდება ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულება.

მეოთხე და ყველაზე სადავო არგუმენტი უსაფრთხოებას ეხება. კოალიციის შეფასებით, როცა შესაძლებლობები რამდენიმე დახურულ მოდელშია თავმოყრილი, მთელი სისტემა ცოტა კრიტიკულ წერტილზე ხდება დამოკიდებული. ღია წვდომა კი მკვლევრებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ მოდელის ქცევა და დროულად აღმოაჩინონ სუსტი ადგილები.

ხელმომწერები არ მალავენ, რომ ღია გამოშვებას რისკიც ახლავს. წონების გასაჯაროების შემდეგ დეველოპერი კონტროლს კარგავს და შეცვლილი ასლების მიკვლევა რთულდება.

პოლიტიკის ნაწილში ხელმომწერები ითხოვრენ სტარტაპებისა და მკვლევრებისთვის გამოთვლითი რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე საჯარო ინვესტიციას საერთო მონაცემთა ბაზებსა და შეფასების ჩარჩოებში.

ვინ მოაწერა ხელი და ვინ არა

თავდაპირველ 25 ხელმომწერს შორის იყვნენ NVIDIA, Microsoft, Meta, IBM, Dell Technologies, Palantir, Hugging Face, Box, ServiceNow, CrowdStrike, Telnyx, Replit, Perplexity, Andreessen Horowitz, Y Combinator და Emergence Capital.

სიაში მოხვდა Linux Foundation-იც, რომელიც განაგებს OpenMDW-1.1 ლიცენზიას. სწორედ ამ ლიცენზიით გამოუშვა NVIDIA-მ ივნისში Nemotron 3 Ultra, 550 მილიარდი პარამეტრის მოდელი, რომელსაც Artificial Analysis-ის ინტელექტის ინდექსზე 47.7 ქულა აქვს, Moonshot-ის Kimi K2.6-ის 53.9-ის საპირისპიროდ.

ხელმომწერ კომპანიებს შორის ის დეველოპერები, რომლებიც მოდელებს ქმნიან, პარამეტრებს ისედაც საჯაროდ აქვეყნებენ: Meta, Mistral, Black Forest Labs, Arcee AI და Reflection.

ხელმომწერების სია ერთ დღეში გაორმაგდა

25 ივლისისთვის ხელმომწერი კომპანიების რაოდენობამ ზუსტად ორჯერ მოიმატა და 50-ს მიაღწია. ახალ ხელმომწერებს შორის აღმოჩნდნენ OpenAI, Google, AMD, Cisco, Cloudflare, GitHub, Block და Ollama.

ორი წამყვანი კომპანია ჯერ-ჯერობით სიის არცერთ ვერსიაში არ ჩანს: Anthropic და Amazon. არცერთს არ განუმარტავს მიზეზი. Amazon Anthropic-ის უმსხვილესი ინვესტორია, თუმცა Google, რომელიც ასევე Anthropic-ის მხარდამჭერია, წერილს მაინც შეუერთდა.

რატომ ახლა: ჩინური მოდელები და ვაშინგტონის განწყობა

წერილი გამოქვეყნდა იმ ცნობებიდან ოთხი დღის შემდეგ, რომლის მიხედვითაც ტრამპის ადმინისტრაცია ჩინური AI მოდელების აკრძალვის იდეას უბრუნდება. მიზეზად კიბერუსაფრთხოება სახელდება, ფონი კი Moonshot AI-ის Kimi K3-ის გამოშვებამ შექმნა.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა Fox Business-ზე თქვა, რომ ადმინისტრაცია ჩინურ ღია მოდელებს ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაზე შეამოწმებს და შესაძლოა სანქციები დააწესოს. მისივე თქმით, ოფიციალურმა პირებმა ჩინურ სისტემებში ამერიკული ენობრივი მოდელების ნიშნები აღმოაჩინეს.

ორი დღის შემდეგ ჰუანგმა Axios-თან საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა: ამერიკულ კომპანიებს ჩინური მოდელების გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეთ, ხოლო ჩინურ ჩაშენებულ უკანა კარებზე საუბარი, მისი შეფასებით, მცდარი წარმოდგენაა.

დისტილაციის პუნქტი, რომელიც ღია მოდელებს პირდაპირ არ ეხება

წერილში კიდეც ერთი აბზაცია საყურადღებო, რადგან ის ღიაობაზე კი არა, სხვა თემაზეა. ტექსტი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, დისტილაცია, ანუ ერთი მოდელის მეორის პასუხებზე გაწვრთნა, ავტომატურად არ მიიჩნიონ უკანონო მითვისებად.

ხელმომწერების პოზიციით, დახურული მოდელებიდან უკანონო ამოღება მიზნობრივი სამართლებრივი ჩარჩოებით უნდა დარეგულირდეს და არა თავად ტექნიკაზე ფართო შეზღუდვებით.

რას ნიშნავს ღია AI მოდელები ბიზნესისთვის

ჰუანგმა NVIDIA-ს CES 2026-ის პრესბრიფინგზე მასშტაბს ციფრი მიუსადაგა: დღეს გენერირებული ყოველი მეოთხე ტოკენი ღია მოდელიდან მოდის. ჩამოსატვირთი მოდელები მუშაობს კორპორაციულ კლასტერებზე, რეგიონულ ღრუბლებსა და ადგილობრივ სერვერებზე, და არა მხოლოდ რამდენიმე მსხვილი პროვაიდერის API-ზე.

ამავე დროს, თავად ხელმომწერების შემადგენლობაც არის საინტერესო. კოალიცია ღიაობას სწორედ იმ ფენაზე ითხოვს, სადაც მისი წევრების უმეტესობა ფულს არ შოულობს. NVIDIA-მ, რომელმაც წერილი მოამზადა, გახსნა Linux-ის GPU ბირთვის მოდულები და Nemotron-ის წონები, თუმცა CUDA დახურული რჩება.

წერილი თავისთავად არაფერს წყვეტს. მისი რეალური შედეგი ისაა, რომ ღია AI მოდელების ბედზე კამათი კულუარებიდან საჯარო სივრცეში გადმოვიდა, გადაწყვეტილება კი კონგრესსა და ადმინისტრაციას რჩება.

AI წაიკითხე მეტი როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი AI-ის, დიდი ენობრივი მოდელებისა და ნეირონული ქსელების ახსნა ქართულ ენაზე.

LLM.GE - გზამკვლევი ხელოვნურ ინტელექტში

LLM.GE არის ქართულ-ენოვანი პლატფორმა, რომელზეც ყოველდღიურად ქვეყნდება AI და ტექნოლოგიების სიახლეები, ახალი მოდელების, კვლევებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების შესახებ. საიტის მიზანია, მკითხველმა ერთ სივრცეში მიიღოს ზუსტი, გასაგები და დროული ინფორმაცია ტექნოლოგიური ინდუსტრიის მთავარი მოვლენების შესახებ

გამოიწერე სიახლეები

გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ Privacy Policy

×