NVIDIA-მ წარადგინა Nvidia BioNemo Agent Toolkit – ღია, აგენტებისთვის მზა ხელსაწყოების ნაკრები, რომელიც ნებისმიერ AI აგენტს ბიოლოგიური კვლევის რეალურ ინსტრუმენტებს აძლევს. მარტივად რომ ვთქვათ, აგენტს ხელში ეძლევა გამოსაძახებელი ხელსაწყოები ცილის სტრუქტურის პროგნოზირების, მოლეკულური დოკინგის, გენერაციული ქიმიისა და გენომის ანალიზისთვის.
NVIDIA-ის ხედვა ისაა, რომ მეცნიერება ახალ ეტაპზე გადადის – ისეთზე, სადაც AI აგენტებს უკვე შეუძლიათ სამეცნიერო სამუშაოს შესრულება. ასეთი აგენტები კითხულობენ სტატიებს, წერენ კოდს, აყალიბებენ ჰიპოთეზებს, იძახებენ API-ებს და იტერაციულად მუშაობენ შედეგებზე.
სარჩევი
რა პრობლემას წყვეტს Nvidia BioNemo
ცხადია, მეცნიერება პროგრამირება არ არის. აქ არ არსებობს ტესტების ნაკრები, რომელიც გამწვანდება, როცა ჰიპოთეზა სწორია – აღმოჩენა იტერაციული, გაურკვევლობით სავსე და ფიზიკურ სამყაროზე დაფუძნებული პროცესია.
ამიტომ ზოგად კოდირების აგენტს ვერ მიუშვებ ბიოლოგიაზე და ახალ მედიკამენტებს ვერ მიიღებ. ბიომოლეკულურ კვლევაში AI აგენტის ჭერს სწორედ ის სამეცნიერო ხელსაწყოები განსაზღვრავს, რომელთა საიმედოდ, სწორად და ეფექტურად გამოყენებაც მას შეუძლია.
აგენტმა შესაძლოა გაიგოს, რომ ამოცანას ცილის დაკეცვა, მოლეკულური დოკინგი ან გენომის მოდელირება სჭირდება. მაგრამ მას დახმარება სჭირდება, რომ გაარკვიოს, რომელი მოდელი გამოიძახოს, როგორ ჩამოაყალიბოს მოთხოვნა, რომელი პარამეტრებია არსებითი და როგორ წაიკითხოს მიღებული შედეგი.
რას მოგვიტანს Nvidia BioNemo Agent Toolkit მედიცინაში
ის ამოცანები, რომლებსაც ნაკრები აგენტისთვის ხელმისაწვდომს ხდის – ცილის სტრუქტურის პროგნოზირება, მოლეკულური დოკინგი, ახალი მოლეკულების გენერაცია და გენომის ანალიზი – თანამედროვე წამლების აღმოჩენისა და ბიოსამედიცინო კვლევის საბაზისო ნაბიჯებია. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ მკვლევარს შეუძლია AI აგენტს მიანდოს კვლევის ადრეული, გამოთვლითი ეტაპის დიდი ნაწილი – კანდიდატი მოლეკულების შერჩევა, მათი ცილებთან ბმის შემოწმება და მონაცემების ინტერპრეტაცია. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთი ღილაკის კლიკით ახალი მედიკამენტის მიღება, ნაკრები აჩქარებს და ამარტივებს სამეცნიერო ციკლს, თვითონ აღმოჩენა კი კვლავ ექსპერიმენტულ დადასტურებას საჭიროებს.
როგორ მუშაობს ხელსაწყოების ნაკრები
NVIDIA BioNeMo სწორედ ამ ხარვეზს ავსებს და NVIDIA-ის დაჩქარებულ ციფრული ბიოლოგიის სტეკს აგენტისთვის გამოსაყენებელ ხელსაწყოებად აქცევს. ნაკრები ორი ფენისგან შედგება.
დაჩქარებული ხელსაწყოების ფენა
NVIDIA NIM და BioNeMo-ის ღია მოდელები ბიომოლეკულურ შესაძლებლობებს ოპტიმიზებულ, გამოსაძახებელ სერვისებად აწვდიან – სტრუქტურის პროგნოზირებას, დოკინგს, მოლეკულების გენერაციას, თანმიმდევრობის დიზაინს, ძიებასა და გენომიკას. მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობები დაჩქარებულია NVIDIA-ის ბიბლიოთეკებით, როგორებიცაა cuEquivariance (სტრუქტურის მოდელებისთვის) და Parabricks (გენომიკისთვის), და არა უბრალოდ NVIDIA-ის აპარატურაზე გაშვებული.
აგენტისთვის მზა ინტერფეისები
Nvidia BioNemo Skills თითოეულ შესაძლებლობას დოკუმენტირებულ, გამოსაძახებელ რესურსად ფუთავს. თითოეული Skill აღწერს მოდელის დანიშნულებას, აუცილებელ შემავალ მონაცემებს, არასავალდებულო პარამეტრებს, მოსალოდნელ შედეგსა და შესაძლო შეცდომებს – ისე, რომ აგენტმა სწორი ხელსაწყო შეარჩიოს და გამოსავალი ფაილები (მაგალითად, CIF, SDF, FASTA ან SMILES) გაშიფროს.
იმ ღია მოდელებისთვის, რომლებიც ჯერ NIM-ად არ არის შეფუთული, Model Context Protocol (MCP) სერვერის გადამყვანები იგივე, აგენტისთვის გასაგებ ფორმატს იძლევა.
რომელი მოდელები შედის ნაკრებში
ერთი და იმავე მოთხოვნის სტრუქტურით აგენტს შეუძლია გამოიძახოს:
- დაკეცვა: Boltz-2 და OpenFold3
- დოკინგი: DiffDock
- მოლეკულების გენერაცია: GenMol
- თანმიმდევრობების გასწორება: MMseqs2 (MSA Search)
- გენომიკა: Evo 2 და Parabricks
- ასევე ProteinMPNN, RFdiffusion და ბიოლოგიის სხვა NIM-ები
ღრუბელი თუ ლოკალური გაშვება
NIM გუნდებს მოქნილ არჩევანს სთავაზობს. ჰოსტირებული NIM ენდპოინტები გამოსადეგია, როცა აგენტს სწრაფი წვდომა სჭირდება ინფრასტრუქტურის მართვის გარეშე – GPU-ის დაგეგმვის, კონტეინერების მომზადების ან დიდი დამხმარე ბაზების ტვირთის გარეშე. ეს კარგი საწყისი წერტილია ფართო წვდომის, შეფასებისა და იშვიათი გამოძახებებისთვის.
ლოკალური გაშვება კი მაშინ ჯობს, როცა workflow ერთსა და იმავე მოდელს ბევრჯერ იძახებს ან საჭიროა დაბალი ლატენტობა, მონაცემების ლოკალურობა და უფრო მკაცრი კონტროლი. პრაქტიკული წესი მარტივია: დაიწყე ჰოსტირებულით, შემდეგ კი შერჩეული მოდელები ლოკალურად გადაიტანე, როცა ლატენტობა, გამტარუნარიანობა, უსაფრთხოება ან განმეორებითი იტერაცია ამას მოითხოვს.
NVIDIA ასევე აზუსტებს, რომ build.nvidia.com-ის ენდპოინტები მხოლოდ მცირე მასშტაბის შემუშავებისა და ტესტირებისთვისაა და არა საწარმოო დონის გამოთვლებისთვის.
რას აჩვენებს ტესტირება
NVIDIA-მ Skills-ის ეფექტი ციფრებითაც გაზომა. ყველა მეტრიკა Codex CLI-ითა და GPT-5.5 fast მოდელით მიიღეს.
საჭირო Skills-ზე წვდომის გარეშე აგენტი ამოცანების მხოლოდ 57.1%-ს ასრულებდა წარმატებით. წვდომის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 100%-მდე გაიზარდა.
მეორე მეტრიკა ეფექტურობას ეხება: NIM Skills-ის გამოყენებისას აგენტი დახარჯული ტოკენების იმავე რაოდენობაზე საშუალოდ 2-ჯერ მეტ წარმატებულ ნაბიჯს ასრულებს. NVIDIA აღნიშნავს, რომ ყველა Skill აგენტისგან დამოუკიდებლადაა შექმნილი, ამიტომ მსგავსი შედეგი სხვა აგენტებთან და მოდელებთანაც მოსალოდნელია.
როგორ დავიწყოთ
დასაწყებად საჭიროა BioNeMo Agent Toolkit-ის რეპოზიტორიაზე წვდომა, აგენტური გარემო (მაგალითად, Claude ან Codex) და NVIDIA API გასაღები ჰოსტირებული ენდპოინტებისთვის. ლოკალური გაშვებისთვის დამატებით GPU კვანძი დაგჭირდებათ.
მიმართეთ აგენტი პლატფორმის რეპოზიტორიაზე, მიაწოდეთ მას შესაბამისი BioNeMo Skill და დაიწყეთ მუშაობა. ეს მიდგომა ბიომოლეკულურ AI-ს იზოლირებული მოდელის გამოძახებებიდან იტერაციულ კვლევით ციკლად აქცევს. უფრო სრული აგენტებისთვის ნაკრები ფართო პლატფორმასაც – NVIDIA Nemotron-სა და NeMo Agent Toolkit-ს – უკავშირდება.
სხვა თემები
კოლექტიური კიბერთავდაცვა: OpenAI-ის ღია წერილი
GlucoFM – Google-ის ახალი AI მოდელი
NVIDIA AVO-მ ARC-AGI-3-ის საჯარო ტესტზე 100% შედეგი აჩვენა
