OpenAI-მ გამოაცხადა ახალი პროგრამა, რომელიც აკადემიური მკვლევრები-სთვის უფასოს ხდის კომპანიის ყველაზე ძლიერ მოდელებზე წვდომას. ChatGPT for Academic Researchers ჯამში 100 000 მეცნიერს, მათემატიკოსსა და ინჟინერს მოიცავს. პირველი ეტაპი 10 000 მკვლევრით იწყება.
პროგრამა ღიაა შერჩეულ აკადემიურ ინსტიტუციებში დასაქმებული მკვლევრებისთვის. წვდომა უკვე აქვთ ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა Institute for Advanced Study და École normale supérieure. 100 000-იან ნიშნულამდე გაფართოება 2027 წლის ბოლომდე იგეგმება.
სარჩევი
რას იღებენ აკადემიური მკვლევრები
მონაწილეებს უფასო წვდომა ექნებათ frontier მოდელებზე ChatGPT-ში, ChatGPT Work-სა და Codex-ში, სტარტზე GPT-5.6-ის ოჯახის ჩათვლით. მათ შორისაა გაფართოებული deep research, მაღალი ლიმიტები და უფრო დიდი კონტექსტის ფანჯარა.
დამტკიცებულ მკვლევარს შეუძლია საკუთარი ინსტიტუციიდან ოთხამდე კოლაბორატორის მოწვევა. სამუშაო სივრცეები ბიზნეს დონის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვით მუშაობს, მონაცემები კი ნაგულისხმევად არ გამოიყენება მოდელების წვრთნისთვის.
იმ ინსტიტუციებისთვის, რომლებსაც ChatGPT Edu აქვთ, უფასო წვდომა უშუალოდ დაწესებულების სამუშაო სივრცის მეშვეობით გადანაწილდება.
GPT-5.6 ოჯახი და ბენჩმარკები
GPT-5.6 Terra აბალანსებს შესაძლებლობასა და ეფექტიანობას ყოველდღიური კვლევისთვის, GPT-5.6 Luna უფრო სწრაფ პასუხებს იძლევა მსუბუქი ამოცანებისთვის, GPT-5.6 Sol კი ყველაზე რთულ სამეცნიერო და მათემატიკურ პრობლემებზეა გათვლილი.
FrontierMath Tier 4-ზე, რომელიც კვლევის დონის მათემატიკურ მსჯელობას ზომავს, GPT-5.6 Sol-ის შედეგია 83 პროცენტი, GPT-5.5-ის 72.5 პროცენტთან შედარებით. GeneBench Pro-ზე, რომელიც ბიოლოგიური მონაცემების რთულ ანალიზს აფასებს, GPT-5.6 Sol Pro ამოცანების 31.5 პროცენტს ხსნის.
უნარები და კონექტორები
მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომია 75-ზე მეტი life science უნარი, რომლებიც მოიცავს გენეტიკას, გენომიკას, სექვენირებას, ერთუჯრედოვან ანალიზს, ცილების მოდელირებასა და წამლების აღმოჩენას.
კონექტორები კი კავშირს ამყარებს სამეცნიერო ლიტერატურასთან, საჯარო გენომიკურ და კლინიკურ ბაზებთან, სატელიტურ სურათებთან, გამომთვლელ ნოუთბუქებთან და საცნობარო მენეჯერებთან.
- Codex კოდის წერაში, დებაგინგში, მონაცემთა ანალიზსა და რეპროდუცირებადი workflow-ების აწყობაში ეხმარება
- ChatGPT Work გამოდგება დაფინანსების მოძიების, გრანტის განაცხადის მომზადების, ლიტერატურის მიმოხილვისა და მანუსკრიპტების დრაფტინგისთვის
როგორ იყენებენ აკადემიური მკვლევრები AI-ს დღეს
OpenAI-ის მონაცემებით, კვირაში დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანი იყენებს ChatGPT-ს მოწინავე მეცნიერებისა და მათემატიკური ამოცანებისთვის, რაც დაახლოებით 8.4 მილიონ შეტყობინებას აგენერირებს.
ცვლილება განსაკუთრებით შესამჩნევია მათემატიკაში. ბოლო ექვს თვეში AI ცალკეული ამოცანების ეპიზოდური გამოყენებიდან კვლევის რეგულარულ ნაწილად გადაიქცა და სულ უფრო მეტი ნაშრომი მიუთითებს ChatGPT-ის წვლილზე.
ფიზიკოსი Rogerio Jorge და მისი გუნდი AI-ს იყენებენ ღია კოდის ტერმობირთვული სინთეზის კვლევითი პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, რომელსაც ინდუსტრია და ეროვნული ლაბორატორიები სინთეზის მოწყობილობების დიზაინისთვის იყენებენ.
თეორიულ კომპიუტერულ მეცნიერებაში მკვლევრებმა Barna Saha-მ, Yinzhan Xu-მ და Christopher Ye-მ GPT-5.5 Pro გამოიყენეს დამტკიცების ასაგებად, რომელიც ადგენს ახალ ზღვარს იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად შეუძლიათ კომპიუტერებს მაღალგანზომილებიანი გეომეტრიის ამოცანების ამოხსნა. შედეგი შემდეგ თავად გადაამოწმეს და დახვეწეს.
საინტერესოა კიდევ ერთი მონაცემი: თავიანთ სფეროში AI-ის გამოყენების მიხედვით ტოპ 20 პროცენტში მყოფი მკვლევრები თითქმის ორჯერ უფრო ხშირად სთხოვენ მოდელს ისეთი დავალების შესრულებას, რომელიც ოთხ საათს ან მეტს მოითხოვს
ტრენინგი და მხარდაჭერა
პროგრამა მხოლოდ წვდომით არ შემოიფარგლება. მასში შედის სხვადასხვა დონეზე მორგებული ტრენინგი, დაწყებული საბაზისო გამოყენებით და დამთავრებული კვლევის მოწინავე აპლიკაციებით.
მონაწილეებს ექნებათ წვდომა სპეციალისტებზე, რომლებიც კვლევით workflow-ებს იცნობენ და ინსტრუმენტების ინტეგრაციაში დაეხმარებიან. OpenAI აცხადებს, რომ მკვლევრების უკუკავშირს იმის გასაგებად გამოიყენებს, სად მუშაობს მოდელები კარგად და სად აქვთ ხარვეზები.
ვის შეუძლია განაცხადის შეტანა
საწყისი ეტაპი ღიაა შერჩეულ აკადემიურ ინსტიტუციებში მომუშავე კვალიფიციური მკვლევრებისთვის. დაწესებულება უნდა იყოს აღიარებული, ხარისხის მიმნიჭებელი კოლეჯი ან უნივერსიტეტი კვლევითი აქტივობის მაღალი დონით.
განმცხადებლებმა უნდა დაადასტურონ ინსტიტუციური კუთვნილება და მიაწოდონ ინფორმაცია მიმდინარე კვლევისა და დაგეგმილი სამეცნიერო გამოყენების შესახებ. თითოეული მოწვეული კოლაბორატორიც ვალდებულია დაადასტუროს აფილაცია და ის პროგრამის ანგარიშების საერთო რაოდენობაში ითვლება. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.
250 მილიონი დოლარი სამეცნიერო კვლევისთვის
ChatGPT for Academic Researchers ნაწილია 250 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ვალდებულებისა, რომელიც OpenAI-ს 2027 წლამდე გარე სამეცნიერო კვლევის მხარდაჭერისთვის აქვს აღებული.
ამავე პაკეტში შედის NextGenAI, 50 მილიონდოლარიანი ინიციატივა კვლევითი ინსტიტუციებისთვის, და თანამშრომლობა ენერგეტიკის დეპარტამენტის Genesis Mission-თან, რომლის მიზანია frontier AI მიიტანოს ეროვნული ლაბორატორიებისა და უნივერსიტეტების მკვლევრებამდე.
ლოგიკა, რომელსაც კომპანია აყალიბებს, მარტივია: OpenAI არ ცდილობს თავად გადაწყვიტოს, რომელი სამეცნიერო პრობლემა იმსახურებს ყურადღებას, არამედ ინსტრუმენტებს გადასცემს კვლევით საზოგადოებას. რამდენად გაამართლებს ეს მიდგომა, პრაქტიკაში გამოჩნდება, როცა ათიათასობით აკადემიური მკვლევარირეალურ ამოცანებზე დაიწყებენ მუშაობას.
სხვა თემები
დარიო ამოდეი: AI-ის განვითარების ტემპი უნდა შევანელოთ
Navier-Stokes-ის ამოცანა – OpenAI-მ ამოხსნა წარადგინა
OpenAI-მ GPT-6 Astra წარადგინა
