OpenAI-მ ახალი პროდუქტი Dots წარადგინა. ეს არის ხელოვნური ინტელექტის (აწ უკვე სუპერინტელექტის) აგენტები, რომლებსაც საკუთარი ღრუბლოვანი კომპიუტერი აქვთ და მომხმარებლის სახელით, მინიჭებული უფლებების ფარგლებში, დავალებების დამოუკიდებლად შესრულება შეუძლიათ. მათ GPT-6 Astra ამუშავებს.
კომპანიის განცხადებით, სისტემა თანდათან სწავლობს, რა არის მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი, როგორ ფიქრობს ის და რას მიიჩნევს კარგად შესრულებულ სამუშაოდ. მიზანია, რომ აგენტმა სამუშაოს ნაწილი საკუთარ თავზე აიღოს და ადამიანს დრო და ყურადღება გამოუთავისუფლოს.
სარჩევი
რა შეუძლია OpenAI Dots-ს
Dots მომხმარებელთან საუბრებს შორისაც აგრძელებს მუშაობას. მას საკუთარი ღრუბლოვანი კომპიუტერი და ბრაუზერი აქვს. კომპანიის განცხადებით, უკუკავშირის საფუძველზე მომხმარებლის საჭიროებებს ერგება და მის მიზნებზე მუშაობა დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლია.
პლაგინების ეკოსისტემის მეშვეობით სისტემა 4 000-ზე მეტ აპლიკაციასთან დაკავშირებას უჭერს მხარს. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია ვირტუალური კომპიუტერის გახსნა და მიმდინარე სამუშაოს შემოწმება. სურვილის შემთხვევაში, ასისტენტს საკუთარ ლეპტოპზე წვდომის ნებართვაც შეიძლება მისცეს.
ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობაც შესაძლებელია. ახალი დავალებების მიცემა ცალკეული საუბრების მართვისა და თითოეული ნაბიჯის მითითების გარეშეც შეიძლება.
პირადი აგენტი და მისი მორგება
მომხმარებელი იწყებს ერთი ძირითადი აგენტით, რომელსაც შეუძლია სახელი დაარქვას და საკუთარ საჭიროებებს მოარგოს. OpenAI სამომავლოდ განიხილავს შესაძლებლობას, რომ მის სახელით რამდენიმე ასეთმა ასისტენტმა გუნდურად იმუშაოს.
როგორ მუშაობს Dots პრაქტიკაში
OpenAI-ს აღწერით, კომპანიის შიგნით Dots უკვე გამოიყენება სხვადასხვა სამუშაოსთვის. მაგალითად, როდესაც Slack-ში პროგრამული შეცდომის შესახებ შეტყობინება ჩნდება, აგენტები პრობლემის გამოკვლევას იწყებენ. ახალი დიზაინის მიღების შემდეგ კი მის საფუძველზე მოქმედ აპლიკაციას ქმნიან, სანამ გუნდი მომხმარებლების უკუკავშირზე მუშაობს.
კომპანია ერთ-ერთი ადრეული ტესტერის შემთხვევასაც აღწერს: პერსონალურმა ასისტენტმა შენიშნა, რომ მომხმარებელს ერთი გამოცემისთვის ინვოისის გაგზავნა დაავიწყდა, მოამზადა დოკუმენტი და თანხმობის მიღების შემდეგ გაგზავნა.
OpenAI რამდენიმე პროფესიულ სცენარსაც ასახელებს:
- დეველოპერი — აგენტი აკვირდება მომხმარებლების უკუკავშირს, გამოყოფს განმეორებად მოთხოვნებს, ამზადებს და ტესტავს მცირე გაუმჯობესებებსა და შეცდომების შესწორებებს. შემდეგ კოდის ცვლილებებს განსახილველად წარადგენს, თანდართული ვიდეოებით, რომლებიც შედეგს აჩვენებს.
- პროდუქტის გაშვებაზე პასუხისმგებელი მენეჯერი — თუ პროდუქტის დაგეგმილი მოცულობა იცვლება, ასისტენტი აანალიზებს, როგორ აისახება ეს საკომუნიკაციო გზავნილებზე და ამზადებს განახლებულ მასალებს.
- მეცნიერი — ახალი მონაცემების მიღებისას სისტემა ხელახლა ატარებს ანალიზს, იკვლევს მოულოდნელ შედეგებს და აახლებს ნაშრომის გრაფიკებს.
- გაყიდვების ხელმძღვანელი — აგენტი ადარებს კლიენტის მოთხოვნებს პროდუქტის დოკუმენტაციას, ამზადებს კონცეფციის პრაქტიკულ დემონსტრაციას და მოთხოვნების ცვლილებისას აახლებს შეთავაზებას.
- კონტენტის შემქმნელი — ინტერვიუს ტრანსკრიპტიდან ასისტენტი არჩევს კლიპებისთვის გამოსადეგ მონაკვეთებს, ამზადებს ეპიზოდის აღწერას და სოციალური ქსელების პოსტების სამუშაო ვერსიებს.
სად შეიძლება ასისტენტთან ურთიერთობა
Dots-თან ტექსტური და ხმოვანი საუბარი შესაძლებელია ChatGPT-ის დესკტოპ აპლიკაციაში, ვებსა და მობილურ აპლიკაციაში. აგენტსაც შეუძლია მომხმარებელს მისწეროს სამუშაოს მიმდინარეობის, კითხვების ან იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც მის ჩართულობას საჭიროებს.
კომპანია ასევე ასახელებს Slack-სა და Microsoft Teams-ს. სისტემა სხვადასხვა არხში საუბრის კონტექსტს ინარჩუნებს, ამიტომ ChatGPT-ში დაწყებული პროექტის გაგრძელება Slack-შიც შეიძლება.
SMS-ის შესახებ საწყისი განცხადება ფუნქციის მომავალ დამატებაზე მიუთითებს, თუმცა OpenAI-ის დახმარების გვერდზე უკვე აღწერილია შეზღუდული ბეტა აშშ-ში Pro მომხმარებლებისთვის. ის ყველა შესაბამის ანგარიშზე ხელმისაწვდომი არ არის და Business ან Enterprise სამუშაო სივრცეებს არ მოიცავს.
უსაფრთხოება და კონტროლი
OpenAI-ს თქმით, Dots ChatGPT-ის არსებულ დაცვის მექანიზმებს ეყრდნობა და მათ უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დამატებით ზომებს უმატებს.
- თითოეული აგენტი საკუთარ ღრუბლოვან კომპიუტერზე მუშაობს. მომხმარებლის კომპიუტერი და მასზე არსებული ინფორმაცია მისგან გამიჯნულია, სანამ თავად მომხმარებელი არ დაუშვებს დაკავშირებას.
- მხარდაჭერილ ვებსაიტებზე შესვლისას შენახული პაროლების გამოყენება შესაძლებელია ისე, რომ პაროლი მოდელს არ გადაეცეს. ეს დაცვა შესაბამის უსაფრთხო ავტორიზაციის მექანიზმებს ეხება.
- მომხმარებლის მიერ მიცემული დავალებების პარალელურად, ასისტენტს შეუძლია ფონური კვლევა — proactive research — ჩაატაროს. ამ კონკრეტულ კვლევით ამოცანებში ხელსაწყოები მხოლოდ წაკითხვის რეჟიმში მუშაობს: მათ არ შეუძლიათ სხვებისთვის შეტყობინებების გაგზავნა, დაკავშირებულ აპლიკაციებში ინფორმაციის შეცვლა ან ბრაუზერისა და კომპიუტერის მართვა. კვლევის საფუძველზე შემდგომი მოქმედებები ჩვეულებრივ წესებსა და შემოწმებას ექვემდებარება.
- თუ მონიტორინგის სისტემა უსაფრთხოების რისკს დააფიქსირებს, მას მიმდინარე სამუშაოს შეჩერება ან შეწყვეტა შეუძლია.
ნებართვები და მოქმედებების დადასტურება
მომხმარებელი თავად ირჩევს, რომელ აპლიკაციებზე ექნება აგენტს წვდომა. Custom Rules-ის საშუალებით შესაძლებელია კონკრეტული მოქმედებების დაშვება, დადასტურების მოთხოვნა ან აკრძალვა. ეს წესები უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნებს ვერ აუქმებს. სამუშაოს მიმდინარეობაზე დაკვირვება Activity View-შია შესაძლებელი.
მოქმედებებს, რომლებმაც შეიძლება ანგარიშებზე იმოქმედოს ან ინფორმაცია გააზიაროს, Auto-review სისტემა ამოწმებს. ის აფასებს მათ შესაბამისობას მომხმარებლის მითითებებთან, ინდივიდუალურ წესებსა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან. ზოგიერთი მგრძნობიარე მოქმედება, მაგალითად პაროლის შეცვლა, თავად მომხმარებელმა უნდა შეასრულოს.
OpenAI აღნიშნავს, რომ ასისტენტს შეცდომების დაშვება შეუძლია, ამიტომ მნიშვნელოვანი შედეგები და მოქმედებები გადამოწმებას საჭიროებს.
მონაცემები და მოდელების წვრთნა
ChatGPT Business, Enterprise და Edu სამუშაო სივრცეების კონტენტს OpenAI ნაგულისხმევად მოდელების გასაუმჯობესებლად არ იყენებს. პირად გეგმებზე მომხმარებელს შეუძლია განსაზღვროს, გამოიყენება თუ არა აგენტთან საუბრები და მის მიერ შესრულებული სამუშაო ამ მიზნით.
კომპანიის თქმით, ფონური კვლევა და ასისტენტის საკუთარი ჩანაწერები უშუალოდ წვრთნისთვის არ გამოიყენება. თუმცა, თუ მათგან მიღებული ინფორმაცია მოგვიანებით ისეთ საუბარში ან დავალებაში მოხვდება, რომლის გამოყენებაც წვრთნისთვის დაშვებულია, ის შესაძლოა მოდელების გაუმჯობესებისთვის გამოიყენონ — მომხმარებლის პარამეტრების შესაბამისად.
სპეციალიზებული აგენტები ორგანიზაციებისთვის
პერსონალური ასისტენტის გარდა, OpenAI ორგანიზაციებისთვის სპეციალიზებული აგენტების წინასწარ ვერსიასაც წარადგენს. მათ კონკრეტული პასუხისმგებლობები ექნებათ, საკუთარი ციფრული იდენტობით, ავტორიზაციის მონაცემებითა და საჭირო სისტემებზე წვდომით.
OpenAI-ს შიდა ტესტირება მოიცავდა შესყიდვებს, ინვოისების დამუშავებას, ელფოსტით მარკეტინგს, მომხმარებელთა მხარდაჭერასა და კომერციულ ხელშეკრულებებზე მუშაობას. კომპანია მიზნობრივი კორპორატიული საპილოტე პროექტებით იწყებს, რომლებშიც მისი ინჟინრები ორგანიზაციებთან ერთად განსაზღვრავენ თითოეული აგენტის როლს.
OpenAI Microsoft-თანაც მუშაობს, რათა სპეციალიზებული ასისტენტები Agent 365-ის კორპორატიული მართვისა და უსაფრთხოების მექანიზმებთან ინტეგრირდეს. მიზანია, კომპანიებს მათი მართვა უკვე ნაცნობი Microsoft-ის ინსტრუმენტებით შეეძლოთ.
ვისთვის არის ხელმისაწვდომი OpenAI Dots
პროდუქტის ეტაპობრივი გავრცელება 2026 წლის 29 სექტემბერს დაიწყო. OpenAI-ის დახმარების გვერდის მიხედვით, Pro მომხმარებლებისთვის საწყისი ხელმისაწვდომობა არ მოიცავს ევროპის ეკონომიკურ ზონას, შვეიცარიასა და გაერთიანებულ სამეფოს. Business Premium მომხმარებლებისთვის სერვისი ხელმისაწვდომია ChatGPT-ის ყველა მხარდაჭერილ რეგიონში. ანგარიშზე წვდომის გამოჩენას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.
Enterprise მომხმარებლებს, მათ შორის Edu და Healthcare გეგმებზე, ბეტა ვერსიის გამოცდა შეუძლიათ მას შემდეგ, რაც სამუშაო სივრცის ადმინისტრატორი ფუნქციას ჩართავს.
პირველი პერსონალური აგენტი Pro და Business Premium გეგმებში დამატებითი საფასურის გარეშე შედის. გაშვების განცხადებაში OpenAI უფრო სიღრმისეული სამუშაოსთვის გამოყოფილ ლიმიტსა და პირველი თვის გაზრდილ შესაძლებლობებს ასახელებს. დახმარების გვერდი კი აზუსტებს, რომ პირველი თვის განმავლობაში Dots-ის გამოყენება შესაბამისი მომხმარებლების გეგმის ლიმიტში არ ჩაითვლება; შემდგომი პირობები დამატებით გამოქვეყნდება.
ასისტენტთან საუბრები ChatGPT-ის გამოყენების ლიმიტებში არ ითვლება. თუმცა, თუ ის მომხმარებლის თხოვნით Codex-ში ან ChatGPT Work-ში დავალებას იწყებს ან მართავს, ამ დავალებაზე შესაბამისი სერვისის ჩვეულებრივი ლიმიტები ვრცელდება.
სამომავლოდ OpenAI დამატებითი აგენტების დამატებასა და თითოეულის სიჩქარის ან თვიური სამუშაოს მოცულობის გაზრდის შესაძლებლობას გეგმავს.
დასაწყებად პერსონალური ასისტენტი ChatGPT-ის დესკტოპ აპლიკაციაში ან კომპიუტერის ბრაუზერში უნდა შეიქმნას. საწყისი გამართვის შემდეგ მასთან საუბარი მობილურ აპლიკაციაშიც შეიძლება, როდესაც ანგარიშზე შესაბამისი წვდომა გააქტიურდება. ამ ეტაპზე მობილურიდან მისი შექმნა და მობილური ბრაუზერით გამოყენება მხარდაჭერილი არ არის.
სხვა თემები
AI აგენტების უსაფრთხოება: NVIDIA ახალ პლატფორმას ქმნის
OpenAI-მ GPT-6 Sol და GPT-6 Luna გამოუშვა
დარიო ამოდეი: AI-ის განვითარების ტემპი უნდა შევანელოთ
