მარკ ცუკერბერგის პროგნოზით, სუპერინტელექტი მომდევნო რამდენიმე წელიწადში ისეთი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას მოგვცემს, რომლებიც ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აღემატება. Meta-ს დამფუძნებელი და CEO ფიქრობს, რომ ასეთი სისტემები ადამიანებს ახალი აღმოჩენების გაკეთებაში, ბიზნესების შექმნაში, საკუთარი იდეების გამოხატვაში, ახალი ცოდნის მიღებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ამავდროულად, მარკი ფიქრობს რომ სწორედ სუპერინტელექტი მისცემს მეცნიერებსა და ექიმებს საშუალებას, ყველა დაავადების პრევენცია და განკურნება მოახდინონ.
ცუკერბერგის ხედვის მთავარი საკითხი მხოლოდ ის არ არის, რამდენად ძლიერი გახდება სუპერინტელექტი. მისი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანი კითხვაა, ვის ექნება მასზე წვდომა – რამდენიმე დიდ ინსტიტუტს თუ რაც შეიძლება მეტ ადამიანს.
სარჩევი
- მარკ ცუკერბერგი: სუპერინტელექტი რამდენიმე წელიწადში რეალობა გახდება
- მთავარი კითხვა – ვის ექნება სუპერინტელექტზე წვდომა?
- ინდივიდუალური შესაძლებლობების გაძლიერება
- ცუკერბერგისთვის მთავარი გამოგონებაა და არა მხოლოდ ავტომატიზაცია
- სუპერინტელექტი და ახალი ბიზნესების შექმნა
- ჯანმრთელობა და მეცნიერება სუპერინტელექტის ეპოქაში
- რატომ მიაჩნია ცუკერბერგს ძალაუფლების კონცენტრაცია პრობლემად
- უსაფრთხოება თავისუფლების შეზღუდვის გარეშე
- ცუკერბერგის პროგნოზი მომდევნო რამდენიმე წლისთვის
- სხვა თემები
მარკ ცუკერბერგი: სუპერინტელექტი რამდენიმე წელიწადში რეალობა გახდება
ცუკერბერგი წერს, რომ კაცობრიობა ისტორიის განსაკუთრებულ ეტაპზე იმყოფება. მისი პროგნოზით, მომდევნო რამდენიმე წელიწადში ადამიანებს შეეძლებათ გამოიყენონ ადამიანის შესაძლებლობებზე აღმატებული სუპერინტელექტი და მისი დახმარებით შექმნან და აღმოაჩინონ ისეთი რამ, რაც დღეს რთული ან შეუძლებელი ჩანს.
მისი ხედვით, ამ ტექნოლოგიის გამოყენების სფერო ძალიან ფართო იქნება. სუპერინტელექტმა შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი ბიზნესების შექმნას, ახალი იდეების განვითარებას, სწავლის პროცესის გაუმჯობესებას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პროგრესსაც.
ცუკერბერგი ამ ყველაფერს არა შორეული თეორიული მომავლის, არამედ მომდევნო რამდენიმე წლის კონტექსტში განიხილავს. სწორედ ამიტომ მიაჩნია, რომ უკვე ახლაა საჭირო შეთანხმება იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებითაც ასეთი შესაძლებლობების მქონე ტექნოლოგია უნდა განვითარდეს.
მთავარი კითხვა – ვის ექნება სუპერინტელექტზე წვდომა?
ცუკერბერგის ხედვით მთავარი ტექნოლოგიური შესაძლებლობების განაწილებაა. მისი აზრით, ჩვენი დროის განმსაზღვრელი კითხვა აღარ იქნება ის, შეიქმნება თუ არა სუპერინტელექტი – მთავარი საკითხი იქნება, ვის ხელში აღმოჩნდება ეს შესაძლებლობა.
ერთი შესაძლო სცენარია, რომ ყველაზე ძლიერი სისტემები მცირე რაოდენობის კომპანიების, სახელმწიფოების ან სხვა ინსტიტუტების კონტროლის ქვეშ დარჩეს. მეორე ვარიანტია მათი ფართოდ გავრცელება, რათა ადამიანებმა თავად შეძლონ ტექნოლოგიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება.
მარკი აშკარად მეორე მოდელს უჭერს მხარს. მისი აზრით, სუპერინტელექტის ფართო ხელმისაწვდომობა ადამიანებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, თავად განსაზღვრონ საკუთარი ცხოვრების, კარიერისა და საქმიანობის მიმართულება.
ინდივიდუალური შესაძლებლობების გაძლიერება
ცუკერბერგის მიერ წარმოდგენილი ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ინდივიდუალური გაძლიერებაა. მისი ხედვით, ტექნოლოგიის ღირებულება მხოლოდ იმით არ უნდა შეფასდეს, რამდენ სამუშაოს შეასრულებს ის ადამიანის ნაცვლად.
უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს ის, თუ რამდენად გაზრდის სუპერინტელექტი თავად ადამიანის შესაძლებლობებს. ცუკერბერგი მომავალს ხედავს გარემოდ, სადაც ადამიანებს გაცილებით ძლიერი ინსტრუმენტები ექნებათ საკუთარი იდეების განხორციელებისთვის.
ეს შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც დღეს დიდი რესურსები, სპეციალისტების გუნდი ან მნიშვნელოვანი კაპიტალი არ აქვს. ძლიერი ინტელექტუალური ინსტრუმენტების ფართო ხელმისაწვდომობამ შესაძლოა ერთ ადამიანს ან მცირე გუნდსაც მისცეს შესაძლებლობა, გაცილებით რთული პროექტები განახორციელოს.
ცუკერბერგისთვის მთავარი გამოგონებაა და არა მხოლოდ ავტომატიზაცია
მარკ ცუკერბერგის სუპერინტელექტის ხედვაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია განსხვავებას ავტომატიზაციასა და ახალი რაღაცების შექმნას შორის. მისი აზრით, სუპერინტელექტის უდიდესი წვლილი შეიძლება არა არსებული ამოცანების ავტომატიზაცია, არამედ ახალი ცოდნისა და შესაძლებლობების შექმნა გახდეს.
ადრეული AI სისტემები ძირითადად კითხვებზე პასუხსა და რუტინული სამუშაოს შესრულებას უკავშირდებოდა. უფრო ძლიერი სისტემების შემთხვევაში, ცუკერბერგი ელოდება ეტაპს, როდესაც ისინი ადამიანებს ახალი ცოდნის აღმოჩენაშიც დაეხმარებიან.
ეს პრინციპი ცვლის კითხვასაც, რომელსაც სუპერინტელექტის ეპოქაში დავსვამთ. თუ ინტელექტუალური რესურსი გაცილებით ხელმისაწვდომი გახდება, მთავარი პრობლემა აღარ იქნება მხოლოდ პასუხების მიღება – მნიშვნელოვანი გახდება იმის განსაზღვრა, თუ რისკენ მივმართავთ ამ შესაძლებლობებს.
სუპერინტელექტი და ახალი ბიზნესების შექმნა
ცუკერბერგი სუპერინტელექტს ეკონომიკურ შესაძლებლობებთანაც აკავშირებს. მისი ხედვით, ადამიანებს შეეძლებათ ასეთი სისტემების გამოყენება ახალი ბიზნესების შესაქმნელად და საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად ან სერვისებად გადასაქცევად.
ძლიერი ინტელექტუალური ინსტრუმენტები შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდეს მცირე ბიზნესისა და მეწარმეებისთვის. ისეთი ცოდნა და შესაძლებლობები, რომელთა მისაღებად დღეს კომპანიებს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები სჭირდებათ, მომავალში ნაწილობრივ სუპერინტელექტის დახმარებით შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი.
ცუკერბერგის ძირითადი არგუმენტი აქაც ინდივიდის შესაძლებლობების ზრდას ეფუძნება. რაც უფრო ძლიერი ინსტრუმენტი ექნება ადამიანს, მით მეტი შესაძლებლობა ექნება საკუთარი იდეის დამოუკიდებლად განვითარებისა და სხვა მოთამაშეებთან კონკურენციისთვის.
ჯანმრთელობა და მეცნიერება სუპერინტელექტის ეპოქაში
ჯანდაცვა ერთ-ერთი სფეროა, რომელსაც ცუკერბერგი პირდაპირ ასახელებს სუპერინტელექტის შესაძლო სარგებელზე საუბრისას. მისი პროგნოზით, ადამიანურ შესაძლებლობებზე აღმატებულმა ინტელექტმა შესაძლოა ახალი აღმოჩენების გაკეთებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. მარკი აღნიშნავს რომ ყველა დაავადების განკურნებას და პრევენციას, სწორედ სუპერინტელექტის საშუალებით მივაღწევთ. ის წერს რომ პრისცილასთან ერთას (მისი მეუღლე) ამ შედეგის მიღწევას მიმდინარე საუკუნის ბოლოს ელოდებოდა, ახლა კი მათი ხედვა შეიცვალა და გაცილებით ადრე მივიღებთ დღეს არსებული დაავადებებისგან თავისუფალ სამყაროს.
მისი ხედვა მოიცავს ახალი ცოდნის აღმოჩენასაც. ეს ნიშნავს, რომ მომავალი სისტემების ფუნქცია მხოლოდ უკვე არსებული ინფორმაციის მოძიება და შეჯამება აღარ უნდა იყოს – მათ შესაძლოა მეცნიერებსა და სხვა სპეციალისტებს ახალი მიმართულებების აღმოჩენაშიც გაუწიონ დახმარება.
რატომ მიაჩნია ცუკერბერგს ძალაუფლების კონცენტრაცია პრობლემად
ცუკერბერგის არგუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალაუფლების განაწილებას ეხება. მისი აზრით, თუ სუპერინტელექტზე კონტროლი ადამიანების მცირე ჯგუფის, რამდენიმე კომპანიის ან სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში აღმოჩნდება, მათ სხვებთან შედარებით უკიდურესად დიდი გავლენა ექნებათ.
ცუკერბერგისთვის ეს საკითხი მხოლოდ ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას არ ეხება. ის მას უფრო ფართოდ, ძალაუფლების ბალანსის პრობლემად განიხილავს.
მისი ხედვით, ადამიანებისთვის ძლიერი ტექნოლოგიის ფართოდ ხელმისაწვდომობა ერთგვარი საპირწონეცაა ცენტრალიზებული ძალაუფლებისთვის. როდესაც მსგავსი შესაძლებლობა ბევრ ადამიანს აქვს, ტექნოლოგია მხოლოდ რამდენიმე მსხვილი მოთამაშის უპირატესობად აღარ რჩება.
უსაფრთხოება თავისუფლების შეზღუდვის გარეშე
ცუკერბერგი აღიარებს, რომ სუპერინტელექტის მასშტაბის ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი შესაძლებლობების პარალელურად სერიოზული გამოწვევებიც ექნება. სწორედ ამიტომ ამბობს, რომ ახლა საჭიროა ისეთი ფილოსოფიის შემუშავება, რომელიც ტექნოლოგიის სარგებელს ადამიანების თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შეუთავსებს.
მისი მიდგომის საფუძველია არა სუპერინტელექტის რამდენიმე ინსტიტუტში კონცენტრაცია, არამედ ძალაუფლების უფრო ფართოდ განაწილება. ცუკერბერგის აზრით, ინდივიდების გაძლიერება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და ძალაუფლების ბალანსი ერთმანეთთან დაკავშირებული პრინციპებია.
ამ ხედვაში უსაფრთხოება და ტექნოლოგიის დემოკრატიზაცია ერთმანეთის საპირისპირო მიზნებად არ განიხილება. პირიქით, ცუკერბერგი ამტკიცებს, რომ შესაძლებლობების ფართოდ განაწილება შეიძლება თავად გახდეს უფრო დაბალანსებული სისტემის საფუძველი.
ცუკერბერგის პროგნოზი მომდევნო რამდენიმე წლისთვის
მარკ ცუკერბერგის ხედვა საკმაოდ მკაფიო პროგნოზს შეიცავს – მისი აზრით, მომდევნო რამდენიმე წელიწადში ადამიანებს შეეძლებათ ადამიანის შესაძლებლობებზე აღმატებული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.
ეს ჯერ პროგნოზია და არა უკვე დამდგარი რეალობა. თუმცა ცუკერბერგის გზავნილის მთავარი ნაწილი ტექნოლოგიის შექმნის თარიღზე მეტად იმაზეა ორიენტირებული, როგორ უნდა მოემზადოს საზოგადოება სამყაროსთვის, სადაც ასეთი შესაძლებლობა არსებობს.
მისი პასუხია ინდივიდების გაძლიერება, გამოგონებაზე ორიენტირებული სუპერინტელექტი და ძალაუფლების ისეთი განაწილება, რომელიც ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს მხოლოდ რამდენიმე მოთამაშის ხელში არ მოაქცევს. სწორედ ამ პრინციპებზე აშენებს ცუკერბერგი თავის ხედვას მომავლის შესახებ, რომელშიც სუპერინტელექტის სარგებელი რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა შეეხოს.
სხვა თემები
Meta-მ Muse Glimmer – ლოკალური AI მოდელი წარადგინა
Muse Code: Meta-მ პირველი კოდირების აგენტი გამოუშვა
ალექსანდრ ვანგი: AI ცივილიზაციას სწრაფად შეცვლის

