ბევრს ჰგონია, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოსაყენებლად ტექნიკური ცოდნაა საჭირო. სინამდვილეში საკმარისია, ჩატში ჩვეულებრივი სიტყვებით დაწერო, რა გჭირდება. ამ სტატიაში ვაჩვენებთ, როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი სამსახურში, სწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. 15 მაგალითიდან თითოეულს მზა მოთხოვნის ნიმუში და ChatGPT-სა და Gemini-ში ჩატარებული ტესტის შედეგი ახლავს.
თუ ჯერ ის გაინტერესებს, რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ მუშაობს, დაიწყე ჩვენი დეტალური გზამკვლევით. აქ მხოლოდ პრაქტიკაზე ვისაუბრებთ.
სარჩევი
რა დაგჭირდება დასაწყებად
საკმარისია ერთი AI ასისტენტი: ChatGPT ან Gemini. ორივეს აქვს უფასო ვერსია, რომელიც ბრაუზერშიც მუშაობს და ტელეფონის აპლიკაციაშიც. რეგისტრაციისთვის, როგორც წესი, ელფოსტა ან Google-ის ანგარიში გჭირდება.
ორივე ქართულად გპასუხობს, თუმცა ქართული ტექსტის ხარისხი განსხვავებულია. რომელი წერს ქართულად უკეთ, ნახე სტატიაში რომელი AI ჯობს ქართული ენისთვის. თითოეულ ასისტენტზე ცალკე გზამკვლევიც გვაქვს: ChatGPT და Gemini.
როგორ გავტესტეთ
2026 წლის 18 ნოემბერს სტატიის 15-ვე მოთხოვნა ChatGPT-ისა და Gemini-ის უფასო ვერსიებში გავუშვით. თითოეული ახალ ჩატში გავგზავნეთ. სადაც საჭირო იყო, მოგონილი მასალა დავურთეთ: კვარტლის ანგარიში, შეხვედრის ჩანაწერები, CV და ინგლისური წერილი. ფოტოს ამოცნობისთვის ოთახის მცენარის სურათი ავტვირთეთ. ChatGPT-ში ნაგულისხმევი პარამეტრები დავტოვეთ, Gemini-ში კი ყოველდღიური დავალებების რეჟიმი ავირჩიეთ. შედეგი თითოეულ მაგალითთან მოკლედ წერია, შეჯამება კი მაგალითების შემდეგ, ცხრილშია.
უფასო ვერსიას ლიმიტები აქვს და ეს ტესტის დროსაც გამოჩნდა. ChatGPT ათიოდე მოთხოვნის შემდეგ უფრო მსუბუქ მოდელზე გადავიდა, ფოტოს ატვირთვა და სურათის შექმნა კი რამდენიმე საათით შეიზღუდა. დროებით ჩატში ChatGPT სურათს საერთოდ არ ქმნის. მსუბუქი მოდელის პასუხები არ ჩავთვალეთ: ეს მოთხოვნები ლიმიტის განახლების შემდეგ ხელახლა გავუშვით, რომ შედარება სამართლიანი ყოფილიყო. Gemini-ში ლიმიტი არ შეგვხვედრია, თუმცა ფოტოს პირველ ატვირთვამდე წესებზე თანხმობა მოგვთხოვა.
სამსახურში
1. წერილის ან ელფოსტის დაწერა
ეს ყველაზე გავრცელებული დავალებაა. AI-ს უთხარი, ვის წერ, რისი თქმა გინდა და რა ტონით. მზა ტექსტს ბოლოს თავად გადახედე და შენს სტილს მოარგე.
მოთხოვნის ნიმუში: „დაწერე თავაზიანი წერილი დამკვეთისთვის: პროექტის ჩაბარება ორი დღით გადაიწევს, მიზეზი დამატებითი ტესტირებაა. ტონი იყოს მშვიდი და პროფესიული, ტექსტი კი 120 სიტყვაზე გრძელი არ იყოს.“

ტესტის შედეგი: ორივემ 120 სიტყვის ლიმიტი დაიცვა. ChatGPT-ის წერილი უფრო ბუნებრივად ჟღერს. Gemini-მ ახალი თარიღისა და სახელებისთვის ცარიელი ადგილები დატოვა, თუმცა ზოგი ფრაზა ინგლისურიდან ნათარგმნს ჰგავს, მაგალითად „მინდა მოგაწოდოთ განახლება“.
2. გრძელი დოკუმენტის შეჯამება
ატვირთე PDF ან ჩასვი ტექსტი და სთხოვე, მთავარი აზრები გამოყოს. ასე ათგვერდიან ანგარიშს რამდენიმე წუთში გაეცნობი. მნიშვნელოვანი ციფრები ორიგინალში გადაამოწმე.
მოთხოვნის ნიმუში: „შეაჯამე ეს დოკუმენტი 5 პუნქტად. ბოლოს ცალკე ჩამოწერე ყველა თარიღი და თანხა, რომელიც ტექსტშია.“
ტესტის შედეგი: ტესტისთვის მოგონილი კვარტლის ანგარიში გამოვიყენეთ. ორივემ 5 პუნქტი სწორად შეადგინა და ყველა თარიღი და თანხა უშეცდომოდ ჩამოწერა. ChatGPT-მა თითოეულ ციფრს განმარტებაც მიაწერა, ამიტომ მისი სია უფრო მოსახერხებელია.
3. შეხვედრის ჩანაწერებიდან დავალებების სია
შეხვედრის შემდეგ ჩანაწერები ჩატში ჩასვი, თუნდაც უწესრიგოდ იყოს დაწერილი. AI დაალაგებს, ვინ რა უნდა გააკეთოს და რა ვადაში.
მოთხოვნის ნიმუში: „ამ ჩანაწერებიდან შეადგინე დავალებების ცხრილი: დავალება, პასუხისმგებელი, ვადა. სადაც ვადა მითითებული არ არის, ეს ცალკე აღნიშნე.“
ტესტის შედეგი: ორივემ ცხრილი შეადგინა და ვადის გარეშე დარჩენილი დავალებები ცალკე აღნიშნა. ChatGPT-მა „პარასკევამდე“ თავად გადათვალა თარიღად და შეცდა: შეხვედრა ხუთშაბათს, 12 ნოემბერს იყო, ამიტომ უახლოესი პარასკევი 13 ნოემბერია და არა 20. Gemini-მ ვადა ისე დატოვა, როგორც ჩანაწერში ეწერა.
4. Excel-ისა და Google Sheets-ის ფორმულები
ფორმულების დამახსოვრება აღარ გჭირდება. აღწერე, რა უნდა გამოითვალოს, AI კი მზა ფორმულას დაგიწერს და აგიხსნის, როგორ მუშაობს.
მოთხოვნის ნიმუში: „A სვეტში თარიღებია, B სვეტში გაყიდვების თანხა. მომეცი ფორმულა, რომელიც მარტის ჯამურ გაყიდვებს დაითვლის, და ამიხსენი, როგორ მუშაობს.“
ტესტის შედეგი: ორივემ სამუშაო SUMIFS ფორმულა მოგვცა და ნაბიჯ-ნაბიჯ ახსნა. ChatGPT-ის ფორმულა 1 მარტიდან 1 აპრილამდე ითვლის, ამიტომ სწორად მუშაობს მაშინაც, როცა თარიღს საათიც ახლავს. Gemini-მ გაგვაფრთხილა, რომ ზოგ კომპიუტერზე მძიმის ნაცვლად წერტილ-მძიმე იწერება, და ყველა წლის მარტის დასათვლელი ფორმულაც დაამატა.
5. CV და გასაუბრებისთვის მზადება
AI დაგეხმარება, CV ვაკანსიას მოარგო და გასაუბრების სავარაუდო კითხვებზე ივარჯიშო. სანამ CV-ს ჩატში ჩასვამ, პირადი ნომერი, მისამართი და ტელეფონი წაშალე. დაწვრილებით იხილე CV-ს შექმნის ჩვენი გზამკვლევი.
მოთხოვნის ნიმუში: „ეს ვაკანსიის აღწერაა, ქვემოთ კი ჩემი CV. მითხარი, რა აკლია CV-ს ამ პოზიციისთვის, შემდეგ კი გასაუბრების 5 სავარაუდო კითხვა დამისვი, სათითაოდ.“
ტესტის შედეგი: მოგონილ CV-ში ორივემ ზუსტად იპოვა, რა აკლდა ვაკანსიისთვის: Google Ads, Google Analytics, კონტენტის გეგმა და ინგლისურის B2 დონე. პირობაც ორივემ შეასრულა: ჯერ მხოლოდ პირველი კითხვა დასვა და პასუხს დაელოდა. ChatGPT-მა ხარვეზები ცხრილში დაალაგა.
სწავლაში
6. რთული თემის მარტივად ახსნა
AI-ს შეუძლია ერთი და იგივე თემა ბავშვს, სტუდენტს ან სპეციალისტს სხვადასხვანაირად აუხსნას. თუ ვერ გაიგე, სთხოვე, სხვა მაგალითით აგიხსნას.
მოთხოვნის ნიმუში: „ამიხსენი ფოტოსინთეზი ისე, თითქოს 12 წლის ვიყო. ბოლოს 3 კითხვა დამისვი, რომ შევამოწმო, გავიგე თუ არა.“
ტესტის შედეგი: ორივე ბავშვისთვის გასაგებად ხსნის: ChatGPT მცენარეს პატარა ქარხანას ადარებს, Gemini კი მზარეულს. ChatGPT-მა ბოლოს დაწერა „უპასუხე ამ სამ კითხვას“, თავად კითხვები კი აღარ მოგვცა. Gemini-მ სამივე კითხვა დასვა.
7. გამოცდისთვის მზადება
ჩასვი ლექციის ჩანაწერები ან სახელმძღვანელოს თავი და სთხოვე, ტესტი შეგიდგინოს. ასე სწრაფად ნახავ, რა იცი კარგად და რა უნდა გაიმეორო.
მოთხოვნის ნიმუში: „ამ ტექსტზე დაყრდნობით შეადგინე 10 ტესტური კითხვა, თითოეულს ოთხი სავარაუდო პასუხით. სწორი პასუხები ბოლოს ცალკე მომეცი.“
ტესტის შედეგი: ტესტისთვის წყლის წრებრუნვაზე მოკლე ტექსტი გამოვიყენეთ. ChatGPT-მა 10 კითხვა ჩვეულებრივ ტექსტად დაწერა, სწორი პასუხები კი ბოლოს, ცხრილში მოგვცა. Gemini-მ ინტერაქტიული ტესტი შექმნა: პასუხს ირჩევ და მაშინვე ხედავ, სწორია თუ არა. სწორი პასუხები მანაც ცალკე ჩამოწერა.

8. უცხო ენის პრაქტიკა
AI ენის მასწავლებლის როლს კარგად ირგებს: გესაუბრება, შეცდომებს გისწორებს და ახალ სიტყვებს გიხსნის. ხმოვან რეჟიმში ზეპირად ვარჯიშიც შეგიძლია.
მოთხოვნის ნიმუში: „მოდი, ინგლისურად ვისაუბროთ მოგზაურობაზე. მარტივად მელაპარაკე და ყოველი ჩემი პასუხის შემდეგ შეცდომები ქართულად ამიხსენი.“
ტესტის შედეგი: მეორე პასუხში განზრახ სამი შეცდომა დავუშვით: „I go“, „we was“ და „the weather were“. ორივემ სამივე იპოვა და ქართულად ახსნა. Gemini-მ დამატებით აგვიხსნა, რომ weather უთვლადი არსებითი სახელია. ChatGPT-მა შემდეგ კითხვას ქართული თარგმანიც მიაწერა, რაც დამწყებს გამოადგება.
9. თარგმნა
AI თარგმნისას კონტექსტს ითვალისწინებს, ამიტომ ტექსტი ხშირად უფრო ბუნებრივად ჟღერს. თუმცა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მაგალითად ხელშეკრულება, პროფესიონალმა მთარგმნელმა უნდა გადაამოწმოს.
მოთხოვნის ნიმუში: „თარგმნე ეს ტექსტი ქართულად საქმიანი სტილით. ტერმინები არ შეცვალო, ბოლოს კი ჩამოწერე სიტყვები, რომელთა თარგმანშიც დარწმუნებული არ ხარ.“
ტესტის შედეგი: ორივემ ტერმინები ფრჩხილებში ინგლისურადაც დატოვა და ბოლოს საეჭვო სიტყვების სია მოგვცა. ChatGPT-ის თარგმანი უფრო ბუნებრივი ქართულია. Gemini ხშირად ტრანსლიტერაციას იყენებს („ონბორდინგი“, „ვენდორების პორტალი“, „დაშბორდი“) და ერთი გრამატიკული შეცდომაც დაუშვა.
ყოველდღიურ ცხოვრებაში
10. კვირის დაგეგმვა
ჩამოწერე ყველა საქმე და თავისუფალი დრო. AI მათგან რეალისტურ გეგმას შეგიდგენს. დაწვრილებით წაიკითხე, როგორ გამოიყენო ChatGPT პირად ასისტენტად.
მოთხოვნის ნიმუში: „ეს ჩემი საქმეებია ამ კვირისთვის. სამსახურში 10-დან 18 საათამდე ვარ. გადამინაწილე ისე, რომ ყოველდღე ერთი საათი სპორტისთვის დამრჩეს.“

ტესტის შედეგი: ორივე გეგმაში ყოველდღე ერთი საათი სპორტს ეთმობა. ChatGPT-მა გაითვალისწინა, რომ ტესტს ოთხშაბათს, გვიან საღამოს ვატარებდით: გეგმა ხუთშაბათიდან შეადგინა და გაგვაფრთხილა, რომ ოთხშაბათის 19:00-იანი ვიზიტი უკვე გასული იყო. Gemini-მ ორშაბათიდან კვირამდე სრული გეგმა შეადგინა და სამსახურიდან გზის დროც გაითვალისწინა, თუმცა არ შეუმჩნევია, რომ კვირის ნახევარი უკვე გასული იყო.
11. რეცეპტი იმით, რაც მაცივარში გაქვს
ჩამოთვალე სახლში არსებული პროდუქტები და მიუთითე, რამდენ დროს უთმობ მომზადებას. AI რამდენიმე კერძს შემოგთავაზებს ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციით.
მოთხოვნის ნიმუში: „მაქვს კვერცხი, ყველი, პომიდორი და პური. შემომთავაზე 3 კერძი, რომელთა მომზადებას 20 წუთზე მეტი არ სჭირდება.“
ტესტის შედეგი: ორივემ სამი კერძი შემოგვთავაზა, რომლებიც 20 წუთში მზადდება და ძირითადად მხოლოდ ჩამოთვლილ პროდუქტებს იყენებს. ChatGPT-მა თითოეულს ინგრედიენტების სია და ნაბიჯები დაურთო, Gemini-მ კი ერთ-ერთ ვარიანტად ქართული ჩიჟი-ბიჟი შემოგვთავაზა.
12. მოგზაურობის გეგმა
მიუთითე ქალაქი, დღეების რაოდენობა, ბიუჯეტი და ინტერესები. AI დღეების მიხედვით გეგმას შეგიდგენს. ფასები, სამუშაო საათები და განრიგი ოფიციალურ წყაროებში გადაამოწმე: ეს ინფორმაცია ხშირად იცვლება, AI-მ კი შეიძლება ძველი მონაცემები მოგაწოდოს.
მოთხოვნის ნიმუში: „3 დღით მივდივარ ქუთაისში ოჯახთან ერთად. შეადგინე გეგმა დღეების მიხედვით: რა ვნახოთ, სად ვისადილოთ და რამდენი დრო დაგვჭირდება გადაადგილებისთვის.“
ტესტის შედეგი: ChatGPT-მა ინფორმაცია ინტერნეტში მოიძია: რესტორნებს მისამართები მიუთითა, ადგილები რუკაზე აჩვენა და გადაადგილების დრო დღეების მიხედვით დაითვალა. Gemini-მაც დეტალური გეგმა შეადგინა მანძილებითა და დროით, თუმცა მის მიერ დასახელებული ერთი რესტორნის ქუთაისში არსებობა ვერ დავადასტურეთ.
13. ფოტოს ამოცნობა
ფოტო პირდაპირ ჩატში შეგიძლია ატვირთო. AI გეტყვის, რა მცენარეა, როგორ გამოიყენო მოწყობილობა ან რა წერია უცხოენოვან წარწერაზე. ამავე საქმისთვის Google Lens-იც გამოდგება.
მოთხოვნის ნიმუში: „ეს რა მცენარეა? როგორ მოვუარო ბინაში და რამდენჯერ მოვრწყა კვირაში?“
ტესტის შედეგი: ორივემ სწორად ამოიცნო ზამიოკულკასი და ორივე პასუხიდან ჩანს, რომ მისთვის კვირაში ერთხელ მორწყვაც ბევრია. ზაფხულში ChatGPT 2-3 კვირაში ერთხელ მორწყვას გვირჩევს, Gemini 10-14 დღეში ერთხელ, ზამთარში კი ორივე 3-4 კვირაში ერთხელ. ორივემ ისიც ახსენა, რომ მცენარე შინაური ცხოველებისა და ბავშვებისთვის საშიშია.
14. ოჯახის ბიუჯეტი
AI ხარჯებს კატეგორიებად დაალაგებს და დაზოგვის გზებს შემოგთავაზებს. ბანკის ამონაწერის ატვირთვა საჭირო არ არის, საკმარისია ზოგადი ციფრები.
მოთხოვნის ნიმუში: „თვეში 2000 ლარი შემოსავალი მაქვს. ხარჯები: ქირა 700, საკვები 500, ტრანსპორტი 150, დანარჩენი სხვადასხვა. შემიდგინე ბიუჯეტის ცხრილი და მირჩიე, სად შემიძლია დაზოგვა.“
ტესტის შედეგი: ორივემ სწორად დაითვალა, რომ სხვა ხარჯებზე 650 ლარი რჩება, და ცხრილი თითოეული ხარჯის წილით შეადგინა. ChatGPT-მა თვეში 300 ლარის დაზოგვა შემოგვთავაზა და გვკითხა, რა შედის 650 ლარში. Gemini-მ 350 ლარის დაზოგვის გეგმა შეადგინა, თუმცა თავისით ივარაუდა, რომ მარტო ცხოვრობ თბილისში.

შემოქმედებაში
15. სურათი და იდეები სოციალური ქსელისთვის
ChatGPT-სა და Gemini-ს სურათის შექმნაც შეუძლიათ. აღწერე, რა უნდა იყოს გამოსახული, რა სტილში და რა ფორმატით. AI პოსტის ტექსტსაც დაწერს და იდეებსაც მოიფიქრებს. სხვა ინსტრუმენტები იხილე AI ინსტრუმენტების კატალოგში.
მოთხოვნის ნიმუში: „შექმენი კვადრატული სურათი პატარა ყავის მაღაზიისთვის: თბილი ფერები, ხის მაგიდა, ორთქლიანი ფინჯანი. სურათზე ტექსტი არ განათავსო.“
წარწერა სჯობს შემდეგ ცალკე დაამატო, ასე შრიფტსაც შენ აირჩევ.
ტესტის შედეგი: ორივემ კვადრატული სურათი შექმნა თბილი ფერებით, ხის მაგიდითა და ორთქლიანი ფინჯნით. წარწერა არც ერთ სურათზე არ არის. Gemini-მ კრუასანიც დაამატა.

ტესტის შედეგები ერთ ცხრილში
15 დავალებიდან ცხრაში ორივე ასისტენტმა თანაბრად კარგად იმუშავა. ChatGPT უკეთესი იყო ქართული ტექსტის წერასა და ინტერნეტში ძიებაში, Gemini-მ კი ორ შემთხვევაში პირობა უფრო ზუსტად შეასრულა.
| დავალება | უკეთ შეასრულა | რატომ |
|---|---|---|
| წერილი | ChatGPT | უფრო ბუნებრივი ქართული |
| დოკუმენტის შეჯამება | ChatGPT | ციფრებს განმარტებები ახლავს |
| დავალებების ცხრილი | Gemini | ChatGPT-მა ვადა არასწორად გამოთვალა |
| Excel-ის ფორმულა | ორივე | ორივე ფორმულა მუშაობს |
| CV და გასაუბრება | ორივე | ორივემ ხარვეზები იპოვა |
| რთული თემის ახსნა | Gemini | ChatGPT-მა კითხვები არ დასვა |
| ტესტი გამოცდისთვის | ორივე | Gemini-ს ტესტი ინტერაქტიულია |
| ინგლისურის პრაქტიკა | ორივე | ორივემ სამივე შეცდომა იპოვა |
| თარგმნა | ChatGPT | ნაკლები ტრანსლიტერაცია |
| კვირის გეგმა | ორივე | ორივემ სპორტი ყოველდღე ჩასვა |
| რეცეპტები | ორივე | ყველა კერძი 20 წუთში მზადდება |
| მოგზაურობის გეგმა | ChatGPT | მისამართები და რუკა |
| ფოტოს ამოცნობა | ორივე | მცენარე ორივემ სწორად ამოიცნო |
| ოჯახის ბიუჯეტი | ორივე | გათვლა ორივესთან სწორია |
| სურათის შექმნა | ორივე | ორივემ პირობა შეასრულა |
ტესტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დროს ზოგავს, თუმცა თარიღები, ციფრები და სახელები ყოველთვის გადაამოწმე.
როგორ დავწეროთ კარგი მოთხოვნა
პასუხის ხარისხი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ზუსტად აღწერ, რა გინდა. კარგ მოთხოვნაში ხუთი რამ უნდა იყოს:
- კონტექსტი: ვინ ხარ და რისთვის გჭირდება შედეგი.
- დავალება: კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს AI-მ.
- ფორმატი: სია, ცხრილი, წერილი თუ მოკლე პასუხი.
- ტონი და სიგრძე: მაგალითად, საქმიანი ტონი და 100 სიტყვამდე.
- ნიმუში: თუ გაქვს ტექსტი, რომელიც მოგწონს, აჩვენე.

თუ პირველი პასუხი არ მოგეწონა, თავიდან ნუ დაიწყებ. იმავე ჩატში დააზუსტე, რა შეცვალოს. მეტი რჩევა იხილე სტატიაში როგორ შევადგინოთ პროფესიონალური პრომპტი, მზა ნიმუშები კი პრომპტების ბიბლიოთეკაშია.
როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი უსაფრთხოდ
- პირადი მონაცემები. ჩატში ნუ ჩაწერ პირად ნომერს, ბარათის მონაცემებს, პაროლებს და სხვისი ჯანმრთელობის ინფორმაციას. ზოგიერთი სერვისი საუბრებს მოდელის გასაუმჯობესებლადაც იყენებს. ეს პარამეტრებში მოწმდება.
- ბრმა ნდობა. AI ზოგჯერ დამაჯერებლად იგონებს ფაქტებს. ამას ჰალუცინაცია ჰქვია. ციფრები, თარიღები, ციტატები და სახელები ყოველთვის გადაამოწმე.
- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ჯანმრთელობის, სამართლისა და ფინანსების საკითხებში AI-ის რჩევა ექიმს, იურისტს ან სხვა სპეციალისტს ვერ ჩაანაცვლებს.
- რედაქტირების გარეშე გამოქვეყნება. AI-ის დაწერილ ტექსტს გამოქვეყნებამდე გადახედე. ქართულში შეიძლება გრამატიკული შეცდომები ან არაბუნებრივი ფრაზები შეგხვდეს.
ხშირად დასმული კითხვები
უფასოა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება?
პოპულარულ ასისტენტებს უფასო ვერსია აქვთ, რომელიც ყოველდღიური დავალებებისთვის საკმარისია. ფასიანი გამოწერა მეტ მოთხოვნას და დამატებით ფუნქციებს გაძლევს.
მუშაობს თუ არა AI ქართულ ენაზე?
კი. ChatGPT და Gemini ქართულ ტექსტს იგებენ და ქართულად პასუხობენ. ხარისხი მოდელზეა დამოკიდებული, დეტალები ნახე სტატიაში რომელი AI ჯობს ქართული ენისთვის.
სჭირდება თუ არა AI-ის გამოყენებას სპეციალური ცოდნა?
არა. საკმარისია, ზუსტად აღწერო, რა გჭირდება. თუ სისტემურად სწავლა გინდა, ნახე ხელოვნური ინტელექტის კურსები.
შეიძლება AI-მ შეცდომა დაუშვას?
კი. ამიტომ AI დამხმარედ გამოიყენე და არა ერთადერთ წყაროდ: მნიშვნელოვანი ფაქტები ყოველთვის გადაამოწმე.
დაიწყე ერთი მარტივი დავალებით, მაგალითად დღევანდელი წერილით ან კვირის გეგმით. რამდენიმე დღეში თავადვე მიხვდები, სად გიზოგავს AI ყველაზე მეტ დროს.
სხვა თემები
AI ასისტენტი: როგორ შექმნათ ChatGPT-ში, Claude-სა და Gemini-ში
Claude Meetings: AI ასისტენტი ვიდეოშეხვედრებისთვის
Claude-ის ახალი ფუნქციები: Sheets, Whiteboards და აპები
